GD Banner
პოლიტიკა

ოლაფ შოლცი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირი, კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს, იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს კანონს

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი, 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს.

„აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ, პირველ რიგში, ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ მთავრობის სურვილია, არამედ გახლავთ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილი, იმ მოსახლეობის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას. ამიტომაც, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს და ევროპასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადებებისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ვითარებაში პრობლემებზეც არის საუბარი. ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერს პრეკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა: „თქვენ ისაუბრეთ გამჭირვალობის კანონზე და იმედი გამოთქვით, რომ ამ ფორმით საქართველო არ მიიღებს კანონს. საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ევროკომისიასაც აქვს იგივე სახის ინიციატივა ინიცირებული. ვიცით, რომ ევროპაში აქტუალურია ამ სფეროს რეგულაციები, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი. ჩვენთვის საინტერესოა, ამ ფონზე რატომ არიან შეშფოთებული ევროპელი პარტნიორები, თუკი იგივე ან მსგავსი ფორმით არსებული რეგულაციები მოქმედებს ევროპაში და შეერთებულ შტატებში?“ პასუხად ოლაფ შოლცმა აღნიშნა:

„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,213 ნახვა