ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მოქმედი ელჩის მიმართ, რომ მისი განწყობა და დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის და ამის არ აღნიშვნა არ შეიძლება, თუმცა მან გაგვაკრიტიკა გუშინ და თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი და მართალი თქვა. შარშან ორი კანონიდან ერთი იყო პირდაპირი თარგმანი და ამას რუსული დაარქვეს და ეს არის გაცილებით ლოიალური ვერსია, არამკაცრი, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებაში და დეკლარაციის შევსებაშია, მეტი ვალდებულება არ არსებობს ჩვენ დაინიციირებულ პროექტში, განსხვავებით სხვა ქვეყნების კანონებისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შარშან მეორე პროექტი არსებობდა, რომელსაც ასევე რუსული დაარქვეს და რომელიც იყო პირდაპირი თარგმანი ამერიკული ვერსიის და იყო გაცილებით მკაცრი.
„ჩვენ ერთი წელი მოვუნდით იმას, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სიტყვა რუსული ამოვარდნილიყო, არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე, ლობიზმში. ახლა თურმე ევროკავშირთან შეუსაბამო არის ის კანონი, რომლის მსგავსი კანონმდებლობა, კიდევ უფრო მკაცრი ევროკავშირშია დაინიციირებული ევროკომისიის დირექტივის სახით. ასევე გაცილებით მკაცრი კანონი ქვედა პალატამ უკვე მიიღო საფრანგეთში და მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოქმედებს სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენი კანონისგან, მათ შორის რუსული კანონისგან და ცხადყოფს, რომ საქართველოში დაინიციირებული კანონი არ მოიცავს ფიზიკურ პირებს.
„მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენისგან, ამიტომაა ყველაზე არა მკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს, დანარჩენთან, მათ შორის ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში ყველგან არის ფიზიკური პირი ობიექტი ამ კანონმდებლობისა, მხოლოდ ქართულში არ არის ფიზიკური პირი. რაც შეეხება დასახელებას, კიდევ უფრო მკაცრია როგორც რუსეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველა დანარჩენში მაგალითად ევროკავშირის დირექტივაში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულ კანონში და სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში დასათაურება იგივეა, სხვადასხვა სახელწოდებით, ზოგან ჰქვია „პრინციპალი“, „გავლენის წარმომადგენელი“ , „ინტერესების გამტარებელი“ და ა.შ. ისევე როგორც ჩვენ ინიციატივაში. ამიტომ ყველაზე დიდი განსხვავება რაც არის რუსულთან მათ შორის, არის სწორედ მეორე მუხლი“, – აღნიშნა მდინარაძემ.