GD Banner
საზოგადოება

13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება

13 აპრილიდან 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ავტობუსების ჩანაცვლება, განახლება, დამატება, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული გავხადოთ. როგორც იცით, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც შემოვიდა, გადანაწილდა სხვადასხვა მარშრუტზე. პირველ რიგში, ავიღეთ ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი მგზავრთნაკადია და ყველაზე მეტად საჭიროებდა ავტობუსების დამატებას. 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რის შედეგადაც, N304 მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 15 წუთამდე, N307-ზე -12 წუთამდე, N311-ზე – 14 წუთამდე, N315-ზე – 15 წუთამდე, N339-ზე – 6 წუთამდე, N351-ზე – 10 წუთამდე, ხოლო N385-ზე – 10 წუთამდე“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქში დამატებითი ავტობუსები შემოვლენ, გამოთავისუფლებული რესურსის გადანაწილების პროცესი გაგრძელდება.

„ველოდებით დამატებითი ავტობუსების ეტაპობრივად შემოსვლას, გამოთავისუფლებული ავტობუსები კი სხვადასხვა მარშრუტს დაემატება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო სწრაფი და კომფორტული გავხადოთ“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემებიც წარუდგინა.

„2018 წელთან შედარებით, ხაზზე მომუშავე ავტობუსების რაოდენობა დღეის მდგომარეობით, გაიზარდა 27%-ით, ხოლო მგზავრთტევადობა – 65%-ით (21 000 მგზავრით). ვფიქრობ, ამ პოლიტიკით შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მგზავრთნაკადი. განხორციელებული ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მაგალითად, 1 აპრილს დაფიქსირდა ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი – 600 ათასი მგზავრობა და ეს მონაცემები პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,288 ნახვა