“რამდენჯერაც არ უნდა შემოატრიალონ კანონი, რომელიც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას კლავს, იმდენჯერ ქართულ საზოგადოებას არ დაეზარება და თავის სათქმელს იტყვის”, – „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციის მიზანია, ერთმანეთს და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი.
“ეს ჯერ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს, მთელი ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება, რადგან ჩვენს თავისუფლებას სხვა ვერავინ დაიცავს. რაც არ უნდა მკაცრი განცხადებები გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენ უნდა ვიყოთ აქ, ყოველთვისაც იქ, სადაც ჩვენს მომავალს დავიცავთ.
ამ კანონს შარშანაც „შიშის კანონი“ დავარქვი. მისი მიზანი რუსეთშიც და საქართველოშიც თავისუფალი აზრისა და სიტყვის განადგურებაა. შემდეგ არჩევნების ჩატარებასაც აზრი ეკარგება და ყველაფერი ხელისუფლების აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას არ აქვს იმედი, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.