ორგანიზაცია „სირცხვილია“ ლგბტ პროპაგანდის და გამჭვირვალობის კანონებს ერთმანეთთან აიგივებს და ორივე მათგანის წინააღმდეგია.
როგორც „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ვიდეო-რგოლშია ნათქვამი, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოების ყურადღება არარსებულ თემებზე გადაიტანოს, რის გამოც „სიძულვილის კანონი”და „რუსული კანონი“ დააინიციირა.
მათივე თქმით, ქუჩაში გასვლა ისევ მოუწევთ აღნიშნულის გასაპროტესტებლად.
„თითქოს მთავარი, რაც თქვენ გაწუხებთ გამოგონილი პრობლემებია, მაგალითად, სხვა ადამიანების ორიენტაცია – თითქოს ამან შეიძლება რამე საფრთხე შეგიქმნათ. ან ის, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს. სქემა ასე მუშაობს: უნდა მოიგონო თემა, რომელიც სიღარიბეს, კორუფციას, დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობას გადაფარავს და თქვენს ყურადღებას არარსებულ საკითხებზე გადაიტანოს – სწორედ ეს მიზანი აქვს „ოცნების“ინიციირებულ რუსულ და სიძულვილის კანონებს. თუმცა, ამაშიც არ არიან ორიგინალურები და პუტინის მიერ მიღებულ კანონებს იმეორებენ. „ოცნებას“ ქართველი ხალხი არ აინტერესებს, მათ უბრალოდ არჩევნების მოგება უნდათ, ამისთვის კი მზად არიან დემოკრატია გაანადგურონ და სიძულვილი დათესონ. ქუჩაში გასვლა ისევ მოგვიწევს.” – ნათქვამია “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.