მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ახალი აეროპორტის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
„რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ. კერძოდ, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა ძველი აეროპორტის გაფართოებას, მეორე კი – ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო. ახლის აშენების ფასი კი, დაახლოებით, მილიარდ 260 მილიონი დოლარია. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა, მაქსიმუმ, 15 მილიონ მგზავრამდე, მაგრამ შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახლის მშენებლობას, ის მგზავრების რაოდენობის 19 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.
„ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტირება, ტენდერის პროცედურები მომავალ წელს დასრულდება და ამის შემდგომ თბილისს, რამდენიმე წელიწადში, სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება. ჩვენი გათვლებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 0.2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.