დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სალომე ქურასბედიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ დრომდე, ვერ წაიკითხა და მოისმინა კონკრეტული არგუმენტი, რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას -დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული.
მისივე თქმით, ანალოგიური (უფრო მკაცრიც) კანონი მოქმედებს – აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში, ამჟამად ინიციირებულია – ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში.
„მე, ამ დრომდე, მიუხედავად დიდი სურვილისა და ინტერესისა, მართლა, ვერც წავიკითხე, ვერც მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი თუ რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას, დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული? ,,რუსულია და მორჩა”, ,,პარტნიორები გვეუბნებიან”- ამაზე ,,წონადი” არ ჟღერდება, ჯერჯერობით, არაფერი. არადა, გაუგებარია, ის, რაზეც გვიმტკიცებენ, რომ ,,ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას”, ,,გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს” და, ფაქტობრივად, ,,გამოქვაბულში გვაბრუნებს”, როგორ არის იმდენად აბსტრაქტული, რომ კონკრეტული არგუმენტის/ციტატის მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა მის ამ უკიდურეს მავნებლობას, შეუძლებელია. ანალოგიური (უფრო მკაცრიც) კანონი მოქმედებს – აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. ამჟამად ინიციირებულია – ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში.
რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების სია გაფართოვდება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ითქვას: კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს – არც სტუდენტს, არც ფერმერს, არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, როგორც ამას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ, არასწორად ავრცელებენ! კანონპროექტი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ NGO სექტორსა და მედია საშუალებებზე და ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენას, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. ცხადია, დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა!!!“ – წერს სალომე ქურასბედიანი Facebook-ზე.