ამოცანა არის მარტივი – არ მოგწონთ? კი, ბატონო, თქვენ დაგვიწერეთ, მოგვიტანეთ თქვენი ვერსია, თუნდაც, იმ ადამიანებმა დაწერონ, ვინც წუხს, ჩვენს თანამოქალაქეებსა და „ენჯეო“ სექტორს ვგულისხმობ, დაწერონ და მოიტანონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ გვინდა მინიმალური გამჭვირვალობა, წელიწადში ერთხელ ინფორმაცია გვქონდეს. ამოცანა არის მარტივი – არ მოგწონთ? კი, ბატონო, თქვენ დაგვიწერეთ, მოგვიტანეთ თქვენი ვერსია, თუნდაც, იმ ადამიანებმა დაწერონ, ვინც წუხს, ჩვენს თანამოქალაქეებსა და „ენჯეო“ სექტორს ვგულისხმობ, დაწერონ, მოიტანონ და თქვან, ჩვენ ეს არ მოგვწონს, ეს მოგვწონს. ჩვენ მოვდივართ გამჭვირვალობაზე. არ გვაქვს პრობლემა, როგორც აცხადებენ, რომ არ აქვთ პრობლემა“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, „ენჯეო“ სექტორი აცხადებს, რომ მათ დასამალი არ აქვთ.
„დღესაც რომ აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს აქვს. ეს ხომ ძალიან მარტივი ტყუილია, რადგან სამინისტროს მხოლოდ მშრალი ციფრი აქვს, მეტი არაფერი. ხომ აცხადებდნენ, საიტს შევქმნით, ამ ყველაფერს განვათავსებთ. ხომ არ გააკეთეს?! კი, ბატონო, დღეს დადგა დღის წესრიგში იმ კანონის შერბილებული ვერსიის პროექტის წარმოდგენა“, – აღნიშნა კახიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.