2024 წლის 27 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა (სტრასბურგის) სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. ცნობისათვის: ნიკა გვარამია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებული ბრალდების ფარგლებში. სწორედ ამის შემდეგ მიმართა ნიკა გვარამიამ საჩივრით სტრასბურგის სასამართლოს, რომლითაც ამტკიცებდა, რომ მისი საქმის საქართველოს სასამართლოებში განხილვის დროს დაირღვა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მისი უფლებები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვრიტიშვილი აცხადებს, გვარამიას საქმის განხილვისას, მისი კოლეგების მისამართით ორკესტრირებული შეურაცხმყოფელი კამპანია წარმოებდა, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს 27 მარტის გადაწყვეტილებამ, აღნიშნულ საქმეზე ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა. დიმიტრი გვრიტიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიასთვის არასასურველი აღმოჩნდა, მან და მისმა მხარდამჭერებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების აბუჩად აგდება დაიწყეს, რაც მოსამართლის შეფასებით, ორმაგი სტანდარტის მაგალითია.
„საზოგადოებას ემახსოვრება, თუ როგორი ორკესტრირებული თავდასხმების, შეურაცხყოფებისა და ცილისმწამებლური კამპანიის ნიაღვრის ფონზე უწევდათ ჩემს კოლეგებს ნიკა გვარამიას საქმის განხილვა. ამ კამპანიაში ჩართული იყო უამრავი სუბიექტი: აშშ-ის მაშინდელი ელჩი – კელი დეგნანი და საელჩო, საქართველოს მაშინდელი სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია, გარკვეული მედიასაშუალებები, რადიკალური პოლიტიკური ძალები, ე.წ. არასამთავრობო სექტორი და ა.შ.
კეთდებოდა განცხადებები, რომ საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული, აფერხებდა საქართველოს მისწრაფებას ევროინტეგრაციისაკენ, გამოტანილი განაჩენები იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან ბრალად წაყენებული ქმედებები დანაშაულს არ წარმოადგენდა, შეფარდებული სასჯელები იყო არაპროპორციული და ა.შ. მათი განცხადებები და ქმედებები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ, თანდართული ლინკების საშუალებით.
ცალკე უნდა გამოიყოს აშშ-ის საელჩოს მხრიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან მიმართებით განხორციელებული ქმედება. 2022 წლის 15 ივლისს საჯაროდ გავრცელდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე გამოაცხადა განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს – კევინ ბურკს, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩს აინტერესებდა – ამ საქმეზე რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და, განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ასევე აცნობა, რომ ამის გამო, სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში, სადაც ლაშა ჩხიკვაძის გამგზავრება სხვა 5 კოლეგასთან ერთად უკვე გადაწყვეტილი იყო, ლაშა ჩხიკვაძის მონაწილეობა არასასურველი იყო და სიიდან იყო ამოღებული. მოსამართლემ ეს ქმედება სავსებით სწორად შეაფასა მისთვის კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნად და, ასევე, გარკვეულ სანქციად, დასჯად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. აღვნიშნავ, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც მოქმედმა მოსამართლემ განაცხადა მისთვის ანგარიშის მოთხოვნის შესახებ, თუმცა – ეს ქმედება აშშ-ის მხრიდან დარჩა რეაგირების გარეშე და პირიქით, აქეთ მოსამართლეს დასდეს ბრალი სიცრუის ტირაჟირებაში. როგორც ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, იმ წარმოუდგენელი ბულინგის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ მისი ოჯახის წევრებს; მის შვილს დღესაც მკურნალობენ.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები და გადაწყვეტილებები, ნებისმიერ საქმესთან თუ სუბიექტთან მიმართებით, მნიშვნელოვანი ორიენტირია ადამიანის უფლებათა დაცვის თუ დარღვევის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, თუ სტრასბურგის სასამართლომ ამა თუ იმ საქმეზე მომჩივნის უფლების დარღვევა არ დაადასტურა, ეს გადაწყვეტილება მომჩივნისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელი უნდა იყოს, მისი ყველა შემდგომი ქმედებების დაგეგმვა-განხორციელების დროს. სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებამ ნიკა გვარამიას საქმეზე ყველა სახის კითხვის ნიშნები გააქრო და დაადასტურა, რომ საქმის წარმოებისას ნიკა გვარამიას უფლებები არ დარღვეულა. შესაბამისად, ყველა ის სუბიექტი, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიმართ ზემოთ აღნიშნულ ორკესტრირებულ კამპანიას აწარმოებდა, ვალდებულია – აღიაროს საკუთარი შეცდომა და ამ საქმეზე დისკუსია დასრულებულად გამოაცხადოს; ასევე – ბოდიშიც მოუხადოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, მისი ოჯახის წევრებს, მის შვილს, სხვა მოსამართლეებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც მასშტაბური წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ.
მოცემულ შემთხვევაში კი, რას ვხედავთ: ნიკა გვარამია აბუჩად იგდებს სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებას, მოიხსენიებს მას ,,ერთი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად“, მიუთითებს, რომ მისი საქმე ,,რეალურად და სრულფასოვნად არ განხილულა“, რის გამოც გეგმავს ამ გადაწყვეტილების ფაქტობრივ რევიზიას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისათვის საჩივრით მიმართვის გზით. საკუთარი პოზიციის ცვლილებას და შეცდომის აღიარებას არც სხვა სუბიექტები აპირებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელის გულზე დევს როგორც ნიკა გვარამიას, ისე – მისი მხარდამჭერი, სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოყენება: თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მათი პოზიციისათვის სასარგებლოა, ისინი მზად არიან – წალეკონ ამ გადაწყვეტილების თუნდაც ძალიან კონსტრუქციულად და არგუმენტირებულად გამკრიტიკებელი ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია; ხოლო როცა ეს გადაწყვეტილება არ პასუხობს მათ ინტერესებს, ისინი ამ გადაწყვეტილებას აბუჩად იგდებენ. ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მოქმედი სუბიექტების სრული ლუსტრაცია იყო ასევე ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის საქმეც, რომლის საქართველოს სასამართლოებში განხილვის დროს ასევე განსაკუთრებით გამძაფრდა ორკესტრირებული შეტევა სასამართლოზე. იმ კამპანიაშიც განსაკუთრებით აქტიურობდა ტელეკომპანიის მაშინდელი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“ – აღნიშნულია გვრიტიშვილის განცხადებაში.
მოსამართლეს მაგალითად მოჰყავს გიგი უგულავას ფეისბუქ-სტატუსებზე, გვარამიას კომენტარები, სხვადასხვა სტატიები, ასევე, აშშ-ის საელჩოს მიერ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები და სვამს კითხვას, რამდენად ნორმალურია, როცა ამდენი წლის მანძილზე სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე გამოთქმული ცილისწამება, ზეწოლა და მუქარა შეუმჩნეველი რჩება.
„სხვადასხვა საპროცესო მოქმედების კრიტიკის გარდა, ხდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლეების პიროვნული და პროფესიული უნარების დაკნინება, შეურაცხყოფა, მუქარა („მიწა დაიწვება ამ მოსამართლის ფეხქვეშ“; „იგი ვერასოდეს იპოვის უსაფრთხო ადგილს ამ ქვეყანაში“; ,,ზონდერ-მოსამართლე“, უწიგნური“, „კორუმპირებული“, „მარიონეტი“, „თემიდას ფსევდომსახური“, „ნაჯახით შეიარაღებული“, „დაქირავებული“, „ნაძირალა“ და ა.შ. – ამ ეპითეტებით ხდებოდა თავდასხმა საქმის განმხილველ მოსამართლეებზე), რაც აისახა კიდეც ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში, რომელშიც სასამართლომ ეს ქმედებები შემდეგნაირად შეაფასა: ,,… სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა … დასაშვები კრიტიკის ზღვარს გადააბიჯა, როცა სატელევიზიო არხის მეშვეობით მოსამართლეს მძიმე პირად შეურაცხყოფას აყენებდა…“ (იხ: გადაწყვეტილების 351-ე პუნქტი). აქვე აღსანიშნავია, რომ მთელს ამ კამპანიაში მონაწილეობდნენ იგივე სუბიექტები (ინსტიტუციები), ვინც ჩამოვთვალე ნიკა გვარამიას საქმის განხილვასთან დაკავშირებული კამპანიის აქტორებად. ანუ, სახეები და სახელები ამ კამპანიაში არ იცვლება, იცვლება მხოლოდ დრო და საქმეთა დასახელება; საქმეები არის მხოლოდ საბაბი, იარაღი, საშუალება ამ კამპანიის საწარმოებლად. იმ შემთხვევაშიც, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 18 ივლისს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს სასამართლოების მიერ საქმის განხილვაში დარღვევების არსებობა არ დაადასტურა, მოხდა არათუ შეცდომის აღიარება და დისკუსიის დასრულება, არამედ – ისევ ისეთი იგნორირება და აბუჩად აგდება ამ ინსტიტუციის, როგორც ეს მოხდა ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების შემთხვევაში: ,,ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია… ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას … არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად… ‘’ (იხ: ნიკა გვარამიას კომენტარი: https://imedinews.ge/…/nika-gvaramia-strasburgis… ); ,,… სტრასბურგის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე მდიდარმა აზერბაიჯანელმა და პოსტსაბჭოთა მოსამართლეებმა განიხილეს … (იხ: მისივე კომენტარი: https://1tv.ge/…/nika-gvaramia-strasburgis…/ ); ,,სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება სკანდალურია…“ (იხ: მისივე კომენტარი: https://www.interpressnews.ge/…/556754-nika-gvaramia…/ ). 2024 წლის 1 აპრილს საჯაროდ გავრცელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის და ნიკა გვარამიას შვილის ნათლიის – მაია კოპალეიშვილის ( https://www.interpressnews.ge/…/391548-nika-gvaramia…/ ) მოსაზრება, რომელშიც ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის განჩინება არ ადასტურებს გვარამიას საქმეში დარღვევების არარსებობას, კერძოდ: ,, … მსგავს შემთხვევებში {სტრასბურგის} სასამართლო ან არ აკმაყოფილებს ან დაუშვებლად ცნობს საჩივარს, რადგან მიიჩნევს, რომ შიდა ეროვნულ დონეზე დარღვევა აღმოიფხვრა და განმცხადებლის მიმართ არსებული პროცესის მავნე ზეგავლენის ეფექტი აღარ არის შეუქცევადი. {სტრასბურგის} სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საზოგადოების მიერ განმცხადებელი მიჩნეული არ არის დანაშაულის ჩამდენ პირად და შესაბამისად, პროცესის ნეგატიურმა ეფექტმა ვერ მიაღწია სერიოზულობის იმ დონეს, რაც საკმარისი იქნებოდა კონვენციის გააქტიურებისთვის“.
თავისი მოსაზრების გასამყარებლად, მაია კოპალეიშვილი მიუთითებს საქმეზე ,,BÉRES AND OTHERS v. HUNGARY (Application nos. 59588/12, 59632/12 and 59865/12, 17 იანვარი, 2017წ.). აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრება ნიკა გვარამიამაც გააზიარა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე. საქმე ისაა, რომ მაია კოპალეიშვილის მიერ მითითებული, ზემოთ აღნიშნული საქმე საერთოდ სხვა საკითხებს ეხება და არარელევანტურია, რადგან მაია კოპალეიშვილის მიერ მითითებულ განმარტებას სტრასბურგის სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს და არ ეყრდნობა! ის საქმე სტრასბურგის სასამართლომ არსებითად განიხილა და აპლიკანტების მიმართ განხორციელებული ამნისტიის აქტი არ იქნა მიჩნეული ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით (,,უდანაშაულობის პრეზუმფცია“) და მე-8 მუხლით (,,პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა“) გათვალისწინებული უფლებების დარღვევად. ამდენად, სამწუხაროდ, სახეზეა კიდევ ერთი ფეიკ-არგუმენტი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს მანიპულაციას, მცდელობას, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზითაც კი, გამართლებულ იქნა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი სამართლებრივი პოზიცია.
p.s. კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ნიკა გვარამიას 2024 წლის 27 მარტის ფეისბუქ-სტატუსს და ყურადღებას ვამახვილებ შემდეგ ნაწილზე: ,,… მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავის 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“ (იხ: https://1tv.ge/…/strasburgis-sasamartlom-nika…/ ).
ჩვენ, ქართველ მოსამართლეებს რომ გვემუქრება, ეს სიახლეს არ წარმოადგენს: გიგი უგულავას 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ფეისბუქ-სტატუსებზე, სადაც უგულავა აპროტესტებდა მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვის პროცედურებს და გარკვეულ მოსამართლეებს ემუქრებოდა პასუხისმგებლობის დაკისრებით, ნიკა გვარამიამ, პირველ პოსტზე კომენტარში, ძალიან უხამსი ფორმით და ერთმნიშვნელოვნად, დააანონსა ჩვენი, მოსამართლეების განდევნა სასამართლო სისტემიდან, ხოლო მეორე პოსტის კომენტარში დაგვემუქრა, რომ ,,დაგვიჭერს“ კიდეც, თანაც ისე, რომ ამნისტიაც არ შეგვეხება (იხ: ქვემოთ სქრინშოტები). თუმცა, 2024 წლის 27 მარტის ფეისბუქ-პოსტის სულისკვეთებიდან ისიც კარგად ჩანს, რომ მისი ავტორი სტრასბურგის სასამართლოს მიმართ ე.წ. ვეტინგსაც განახორციელებდა დიდი სიამოვნებით.
ჩემს მოსაზრებებს ერთი რიტორიკული შეკითხვით შევაჯამებ და დავასრულებ: ეს ნორმალური სიტუაციაა, რომ მთელი ამდენი წლების მანძილზე სასამართლოზე, ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებული ორკესტრირებული ზეწოლა, გამოთქმული ცილისწამებები, ტალახის სროლა, მუქარა ასე უნდა დარჩეს, შეუმჩნევლად? თითქოს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არც არსებობს, ვითომ არაფერი მომხდარა?!“ – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.