„ნაპოლი“ მზადაა, ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი სამჯერ გაზარდოს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Calciomercato წერს.
მისი ინფორმაციით, კლუბს არ სურს, ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიასაც დაემშვიდობოს.
„ნიგერიელი ფორვარდის შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ საბაბს, კვარაცხელიას ხელფასი გაეზარდოს და მან წელიწადში 1,5 მილიონი ევროს ნაცვლად 4,5 მილიონი ევრო მიიღოს.
დასაზუსტებელი მხოლოდ ორი დეტალია. პირველი ეხება იმას, რომელ წლამდე გახანგრძლივდება კვარაცხელიას კონტრაქტი – 2028 თუ 2029 წლამდე (მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე მოქმედებს). მეორე დეტალი გამოსასყიდ თანხას უკავშირდება. კერძოდ, „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს, ის რაც შეიძლება მაღალი იყოს“, – წერს გამოცემა.