ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება.
მისი თქმით, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია.
ანა ბუჩუკური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი აზრი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
„მონაწილეობას მივიღებთ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ახალ კონსტიტუციური პროექტის განხილვებში, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ყველა ცუდია. მე პირადად მოვუწოდებდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, ნუ ეშინიათ და ნუ ემალებიან ამ თემას. მოგვეხმარეთ, კოლეგებო, რომ ერთი მხრივ ბავშვები დავიცვათ და ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხი არ გახადოს „ოცნებამ“ რაღაც მანიპულირების თემად“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.
შეგახსენებთ, „ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.