კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ. რა თქმა უნდა, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მკაფიო უარი განაცხადა, თუმცა საერთაშორისო ინტერვიუებმა მისი პოზიცია ბუნდოვანი გახადა.
„პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მკაფიო უარი თქვა, თუმცა მისმა საერთაშორისო ინტერვიუებმა მისი მკვეთრი პოზიცია ცოტა ბუნდოვანი გახადა. არ მსიამოვნებს, რომ ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი ჰყავდა, რომელიც დანაშაულებთან არის კავშირში, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტია, დეპუტატი, თუ ასე შემდეგ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ – კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედეთ. არცერთ პატიმარს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ სასამართლოს სხდომაზე ყველაზე და ყველაფერზე იჭორაოს, სისხლის სამართლის საქმის გარდა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.