„ვეტინგი“ ნიშნავს ძალიან უხეშ ჩარევას სასამართლო სისტემაში და ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა, ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება, მაგრამ უცნაური რამ მოხდა: რაც ეს მკაფიოდ იქნა დეკლარირებული ჩვენ მიერ, ამის შემდეგ ევროკავშირის პრეს-სპიკერი გამოვიდა და ჩამოთვალა ყველა ის კრიტერიუმი, რაც სიტყვა “ვეტინგში” იგულისხმება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სუბარმა განმარტა, მართალია, პიტერ სტანოს განცხადებაში ტერმინი „ვეტინგი“ ნახსენები არ არის, თუმცა, მას ჩამოთვლილი აქვს „ვეტინგის“ შემადგენელი ყველა პუნქტი.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება უცნაურად დაემთხვა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის ინიიცირებას, რომელიც საზოგადოებისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.
„თვითონ ტერმინი „ვეტინგი“ არ უხსენებია, მაგრამ ყველა პუნქტი ჩამოთვალა და თქვა, რომ ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ძალიან უცნაური და სიმპტომატური დამთხვევაა, რომ ეს მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც პრაქტიკულად უკვე დავაინიცირეთ და ორშაბათს საჯაროდ გაჟღერდება კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. როგორც ჩანს, ამაზე იციან ხალხის განწყობა, ამიტომაც ვერაფერი გვითხრეს ამ კანონთან დაკავშირებით, ამიტომ შემოგვიარეს მეორე კარიდან და გვეუბნებიან, რომ თუ ენჯეოების მიერ მოთხოვნილ “ვეტინგს” არ ჩაატარებთ, ამ შემთხვევაში, თითქოს საქართველოს რაღაც პრობლემები შეექმნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ასეთი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ არის სამართლიანი, არ არის სწორი, მით უმეტეს, “ვეტინგი” არ მოუთხოვია ევროკავშირს, არ ყოფილა ეს 9 პირობის შემადგენელი ნაწილი. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ, რასაც ჩვენგან ითხოვენ არ არსებობს. ორი ქვეყანა იყო, უკრაინა და მოლდოვა, სადაც ჩატარდა და იქაც შეფასება არის აბსოლუტურად უარყოფითი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ “ვეტინგმა” არ გაამართლა. ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმაც კი, როგორიცაა “ვენეციის კომისია”, თქვეს, რომ “ვეტინგმა” უარესი შედეგები მოიტანა და რატომღაც ახლა საქართველოში ითხოვენ ამას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი დაუკავშირდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტს, რომლის წარდგენა საზოგადოების წინაშე უნდა მოხდეს ორშაბათს და როგორც ჩანს ამას ვერ გვეუბნებიან და შემოვლითი გზით გვემუქრებიან, რომ თუ თქვენ ყველა ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებთ, ამ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პრობლემები შეგექმნათ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მისაღებია, სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირში მოქმედი ყველა წესი, თუმცა, ახალ და განსხვავებულ წესებს ქვეყანა ვერ მიიღებს. სუბარის განცხადებით, პარტნიორები საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ისე უნდა ესაუბრონ და ისეთი წესები არ უნდა მოახვიონ თავს, რომელიც მათ ქვეყნებში მიუღებელია.
„ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული, რომ წესები, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მოქმედებს ევროკავშირში, ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები და ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა, რაღაც ახალ და განსხვავებულ წესებს საქართველოსთვის ვერ მივიღებთ და არ დავუშვებთ. ისევე, როგორც ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მკაფიოდ ვამბობთ, რომ ყველა ტიპის უმცირესობის წარმომადგენლის უფლება იქნება დაცული, თუმცა, პროპაგანდა, რომელიც მიმართულია ეკლესიის, ჩვენი რწმენის, ცხოვრების ტრადიციული წესის წინააღმდეგ, ეს არ იქნება დაშვებული. პროპაგანდა, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის, ბავშვების გარყვნისკენ, არ იქნება დაშვებული და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თქვენ თუ გინდათ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები არ შეგექმნათ, ამისთვის “ვეტინგი” უნდა შემოიღოთ, მეორე კარიდან მოგვიარეს და ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, გვაქვს სუვერენული სასამართლო სისტემა და უნდა გველაპარაკონ როგორც თანასწორ პარტნიორებს, არ უნდა სცადონ და თავს არ უნდა მოგვახვიონ თამაშის ისეთი წესები, რომელიც მიუღებელია მათ ქვეყნებში.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაში ნათქვამია: “სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან.”