GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: შუშის თვალებით გიყურებენ და ტყუილში რომ ამხელ, გპასუხობენ, დავალება გვაქვს ასეთი და ერთი კვირა ამას ვიძახებთო

„წარმოუდგენელია საქართველოში ნაციონალურ მოძრაობაში მყოფს წინსვლა ჰქონდეს. ახალგაზრდებს კი არა, მათ მშობლებს ვეუბნები – ნუ სწირავთ თქვენს შვილებს ნაციონალებისთვის,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ ზედმეტია ქვეყანაში სამართლიანობაზე და წინსვლაზე საუბარი, თუ პოლიტიკური სივრცე არ გათავისუფლდება ნაციონალური მოძრაობისგან.

„რის შეცვლა დაიწყო ჩვენი მოქმედებით და რას უნდა დავუდოთ საფუძველი, რომ რეალური, სიმართლეზე, მოქალაქეზე, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ. დღეს მომივიდა შელაპარაკება პარლამენტში, მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილის შეკითხვას დამცინავად უპასუხა. ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე, იმიტომ, რომ თინა ბოკუჩავა გამოვიდა ისეთი შემართებით, როგორც ფაშისტების, კომუნისტების პარტიული დავალების მქონეები მოქმედებდნენ – უნდა გადაუარო ადამიანს, თუ ეს დავალება გაქვს. შუშის თვალებით გიყურებენ, ათასჯერ უმტკიცებ 800 ათასი ადამიანის ემიგრაციაში წასვლის ციფრი არ შეესაბამება სინამდვილესო, მაგრამ მაინც ამას გაიძახიან და ამბობენ, რომ დავალება გვაქვს ასეთი და ერთი კვირა ამას ვიძახებთო. „ფეიკია“, მაგრამ ეს დავალებაა, არ გადაუხვევენ მას. ვუთხარი კიდეც ბოკუჩავას, რომ რაც უნდა დავარცხნილი იყო, რაც უნდა ბევრ ენაზე ისაუბრო ევროკავშირის ელჩებთან თუ სხვაგან, მაინც მეგის ქარდავას პარტიელი ხარ და ამ იარლიყს ვერ მოიცილებ. ეს პარტია რატომ უნდა გასამართლდეს იცით – მეგის ქარდავას თანაპარტიელი რომ ხარ მრავალ ენაზე მოლაპარაკე თინა ბოკუჩავა, ეს არის სიმახინჯე ნებისმიერ ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა დამთავრდეს. ან თავად უნდა გადაწყვიტოს, რომ არ შეუძლია მეგის ქარდავასთან ერთად ყოფნა, წავიდეს და სხვა გზას დაადგეს, სხვა პარტიაში გადავიდეს და სხვა პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს, ან არადა, წარმოუდგენელია საქართველოში ნაციონალურ მოძრაობაში მყოფს წინსვლა ჰქონდეს.

ახალგაზრდებს კი არა, მათ მშობლებს ვეუბნები – ნუ სწირავთ თქვენს შვილებს ნაციონალებისთვის. ამას ვეუბნებოდი თამარ ჩარკვიანსა, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ირინა ენუქიძესთან ერთად იბრძოდა. როგორ ჩახედავდა ირინა ენუქიძეს თვალებში, როცა ახლა მიშას გათავისუფლებას ითხოვს. ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში. ეს ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, უბრალოდ ვერ განვითარდება პოლიტიკური სივრცე, თუ ერთიანობა არ იქნება და არ გაიწმინდება პოლიტიკური სივრცე ბოროტებისგან. ესენი ანგარიშვალდებულები არიან ელჩებთან, საერთაშორისო დამკვეთებთან და აქ, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანი. სულ ხომ ფეხებზე ეკიდათ და იმიტომაც მოხდა გირგვლიანის, რობაქიძის ტრაგედიები. ასე რომ არ ყოფილიყო, ელემენტარულად გაჩნდებოდა კითხვა – ეს რა ვქენით, ამას რატომ ჩავდივართ? ჩვენი პასუხისმგებლობაც ხომ ესაა – ეს ფაქტები როგორ უნდა დაივიწყო, რა გინდა მაშინ პოლიტიკაში, თუ ამას ვერ გადაჭრი. რა სამართლიანობაზე უნდა ილაპარაკო, თუ ეს სივრცე არ გამოთავისუფლდება. სულ იქნება შეფერხება, სანამ ნაციონალური მოძრაობა იქნება,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა