რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-ს შეადგენს და კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
„გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის საქმეზე. მიმდინარეობს საკონცერტო დარბაზის ოთახების შემოწმება, ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების შესწავლა, დაზარალებულების გამოკითხვა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 93-ს შეადგენს და კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ტერორისტებმა გამოიყენეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უკვე ამოღებულია საგამოძიებო უწყებების თანამშრომლებიც მიერ. ტარდება ბალისტიკური, გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები“, – აღნიშნავენ უწყებაში.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 93-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რაც შეეხება თავდამსხმელებს, საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.