არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საუბარს დაიწყებს ცესკოს შემადგენლობაზე, თავმჯდომარეზე, ცესკოს ერთპარტიულობაზე და ასეთ ტყუილებზე, რომ რამე საბაბი შეიქმნას არჩევნების არაღიარებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ თვეების წინ დაიგეგმა ცესკოს წინააღმდეგ კამპანია, რომელიც ზაფხულში უნდა ამოქმედებულიყო, რათა ცესკოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია დაეტოვებინა. საბოლოო მიზანი კი იყო ის, რომ არჩევნები ოპოზიციას, კერძოდ, „ლელოს“ ჩაეტარებინა.
„ახლა ნახეს, რომ ეს გეგმა ჩაიშალა და ვინაიდან მომზადებული ჰქონდათ მთელი ნარატივი, მთლად ურნაში რომ არ გადაეგდოთ ეს შრომა, გამოამზეურეს დისკრედიტაციის ეს კამპანია, იფიქრეს, რომ ამით შეიძლებოდა რაღაც ზიანი მიეყენებინათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არ აღიარებს, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს გამოცდილება, რადგან არც 2012, არც 2016 წლისა და არც 2020 წლის არჩევნები არ უღიარებიათ. რასაც ქვეყნის გარედან ეტყვიან ოპოზიციას, ისე მოიქცევიან საბოლოო ჯამში, თუმცა გამოცდილება და მათი ამჟამინდელი ქცევა გვაჩვენებს, რომ ამ არჩევნების არ აღიარებისთვის ემზადებიან და ამზადებენ საბაბებს. ნახავთ, 26-ში იქნება არჩევნები, 27 რომ გათენდება დაიწყებენ ისინი საუბარს ცესკოს შემადგენლობაზე, თავმჯდომარეზე, ცესკოს ერთპარტიულობაზე და ასეთ ტყუილებზე. 8 წევრია ოპოზიციიდან ცესკოში და ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ერთპარტიულობაზე საუბრობენ. რამხელა აბსურდზე არიან გადასულები, რომ ოღონდ რამე საბაბი შეიქმნას შემდეგ არჩევნების არაღიარებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.