GD Banner
საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციის გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს მანიპულაციის გზით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ინფორმაციაში ჟურნალისტი და ე.წ. ექსპერტები სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობას ასაღებენ პოლიტიკურ პროექტად მაშინ, როდესაც ახალმა გზამ უნდა ჩაანაცვლოს არსებული გზის ის მონაკვეთი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო და საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს და რომლითაც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა 2023 წლის ზაფხულში, რაზეც გაავრცელა კიდეც ინფორმაცია. გამოცხადებულ ტენდერში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, რის გამოც გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი, E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შემადგენელი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია. სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალი გზა სტეფანწმინდასთან დაიწყება და დარიალის ახალ გვირაბამდე მივა. პროექტი 2 ზოლიანი 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. გზის აღნიშნული მიმართულებით მრავალი გამოწვევაა და საჭიროებს განვითარებას. ამისათვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე აქტიურად გრძელდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, სადაც სრულდება 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის ბურღვის სამუშაოები. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს წვდომას ყველა საჭირო ეკონომიკურ თუ სოციალურ სერვისზე წლის ნებისმიერ დროს და გზაზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სატენდერო პროცედურები საერთაშორისო შესყიდვის წესების შესაბამისად ჩატარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 225 მილიონი ლარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,263 ნახვა