GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: წელს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაისტუმრებს პოლიტიკურ ბალასტს პოლიტიკურ სანაგვეზე, ხელისუფლებას აღარ დასჭირდება დროის ხარჯვა “ნაცების” საბოტაჟზე, ის მთლიანად უნდა გადაერთოს ტერიტორიების გამთლიანებასა და ეკონომიკურად გაძლიერებაზე

რუსეთ-უკრაინის ომმა დღემდე იმის საპირისპირო შედეგები მოიტანა, ვიდრე ამას მთელი დასავლური სამყარო პროგნოზირებდა, – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, საქართველო არ უნდა აჩქარდეს და დააკვირდეს რა სურათი შეიქმნება მსოფლიოში.

“ახალი პოლიტიკური რეალობა რუსეთ-უკრაინის ომმა დღემდე იმის საპირისპირო შედეგები მოიტანა, ვიდრე ამას მთელი დასავლური სამყარო პროგნოზირებდა. კერძოდ, არავინ ელოდა, რომ რუსეთი გაუძლებდა თითქმის მთელი მსოფლიოს მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას,- დასანქცირებას. უკრაინისათვის დასავლური სამყაროს მიერ ასეული მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემას. პატრიოტი უკრაინელი ხალხის მასობრივ გმირობებს და თითქმის მთელი მსოფლიოდან უკრაინის მხარეზე მებრძოლი მოტივირებული მოხალისეების მიერ გამოჩენილ საბრძოლო გამოცდილებას. ყველა გათვლებით რუსეთი უნდა დაშლილიყო, ეკონომიკურად ჩამოშლილიყო და მისი ხელისუფლება უკიდურეს გაჭირვებაში და იზოლაციაში აღმოჩენილიყო, რომელსაც ხალხი დაამხობდა.

ჰააგის სასამართლოს, პუტინი უნდა დაეპატიმრებინა და გაესამართლებინა. ამის სანაცვლოდ რა სურათია დღეს. ომის მესამე წლისთავზე რუსეთში, ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა და პუტინი მე-5 ვადით აირჩია პრეზიდენტად, რაც იმის უნდა ნიშნავდეს, რომ ხალხი მას დამხობას არ უპირებს. სახეზეა უფრო მეტად გაძლიერებული რუსეთი, ვიდრე ომამდე იყო. ის თანდათან იპყრობს უკრაინის ახალ-ახალ ტერიტორიებს, რომელსაც კონსტიტუციით იკანონებს. სანქციების პერიოდში, რუსეთის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ასახვა პოვა უკრაინის წინააღმდეგ ახალი იარაღის წარმოებაზეც. რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებით, დაზარალებული აღმოჩნდა ევროპა და არა რუსეთი. ნანგრევებადაა ქცეული უკრაინა, ჩამოქცეული ეკონომიკითა და განადგურებული გენოფონდით. ქვეყნიდან მილიონობით უკრაინელია ლტოლვილი.

მოლოდინების გაცრუების ფონზე, ბუნებრივია, ნატოს და აშშ-ს დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება. ომმა და ომის მსვლელობისას მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა (რუსეთ-ჩინეთის ასევე არაბული ქვეყნებისა და სხვა ქვეყნების ალიანსმა) დაგვანახა, რომ ეს ის ამერიკა აღარ არის. ბაიდენის პოლიტიკა ვერ აღმოჩნდა ეფექტური ვერც საშინაო და ვერც საგარეო ვექტორების მიმართულებით. შესუსტებულია ამერიკის გავლენები ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე რაც სერიოზულად აზარალებს დოლარს და მის დომინანტურ პოზიციას მსოფლიოში. კითხვის ნიშნის ქვეშ დადაგა მითი, ნატოს უსაფრთხოების გარანტორობისა. ნატოს არ გააჩნია საკუთარი ჯარი, რის გამოც ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებიან რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ნატოს წევრმა თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ომში ჩაბმა და არავინ არის დარწმუნებული, რომ რუსეთთან ომში ჩაბმის საკითხში მათი პოზიცია ერთსულოვანი იქნება. ამიტომ დღეს ნატოს წევრიც რომ გახდეს საქართველო და ამის გამო რუსეთი თავს დაგვესხას, ნატოს ქოლგა ვერ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამის მაგალითია უკრაინა, რომელიც, მართალია, არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ის ნატოსკენ მისწრაფების გამო გახდა რუსეთისგან თავდასხმის ობიექტი და ამიტომ ეს ქვეყანა არის ნატოს უპირველეს ინტერესებში.

საფრთხე იგრძნო დასავლეთმაც. ისინი ღიად აცხადებენ, რომ პუტინი უკრაინის შემდეგ ომს ევროპაში განაგრძობს. ასეთ სიტუაციაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ამის გამო საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ვის აქვს გარანტია, რომ ნატო საქართველოს გამო რუსეთს ომს გამოუცხადებს? და რომც გამოუცხადოს, თუ შუაგულ ევროპაში მდებარე 40-მილიონიან უკრაინას, მთელი დასავლეთი, მე-3 წელია ფაქტობრივად ვერაფერს შველის. აქედან დასკვნა- სამხრეთ კავკასიაში მდებარე 3 მილიონიან საქართველოს სრულ განადგურებას 3 წელი კი არა, შეიძლება 3 კვირაც კი არ დასჭირდეს. მსგავს შემთხვევაში ვისი იმედი უნდა გვქონდეს? მოცემულ რეალობას ხედავენ და აანალიზებენ დასავლეთშიც. შესაძლოა ამიტომაც მოაწყო ნატოს გენერალურმა მდივანმა ვიზიტები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომ ამ ქვეყნებისთვის ნატოს ერთგულების იმედი მიეცა.

მგონი დღეს დადგა ისეთი მომენტი, როდესაც ნატოს უფრო სჭირდება ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად, საქართველო, ვიდრე პირიქით. დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყბადაღებული ნატოს ე. წ. ქოლგა, უსაფრთხოების კი არა, საქართველოსთვის საფრთხის მომტან ქოლგად შეიძლება გადაიქცეს. ამიტომ აჩქარება არ გვმართებს. ჯერ დასრულდეს 2024 წლის არჩევნები ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში.დასრულდეს ომი უკრაინაში, დავინახოთ მსოფლიო გადანაწილება რა ახალ სურათს გვაძლევს და ნატოს მიერ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ვნახოთ ასევე, რას ქმნიან ჩინეთი,რუსეთი, არაბული ქვეყნები, ასევე სხვები და ამ ფონზე რამდენად საიმედო იქნება ჩვენთვის ნატოს ქოლგა. კარგად ავწონ- დავწონოთ, რა ჯობია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იქნებ ისტორიის ამ ეტაპზე საერთოდაც ნეიტრალიტეტის გამოცხადება გვესაჭიროება თავის დასაცავად?

საერთაშორისო ფორმატებმა, შეშფოთებულ-აღშფოთებულმა განცხადებებმა, უკანონო საზღვართან სურათების გადაღებამ და შარვლების ჩახდის პოლიტიკამ, რაც მოგვიტანა, ყველა ვხედავთ. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ სულ მცირე, ამ მიმართულებით უნდა გადახედოს თავის სამოქმედო გეგმებს და დროულად დაჯდეს მოსალაპარაკებლად რუსეთთან. უპირველესად თავი დაანებოს ნაცებთან უაზრო დისკუსიებს და წყლის ნაყვას იმ პოლიტიკოსებთან, ვინც კონფლიქტური რეგიონები 3 დღიანი ომით რუსეთს გადააბარა. წელს საქართველოს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაისტუმრებს პოლიტიკურ ბალასტს პოლიტიკურ სანაგვეზე, რის შემდეგაც ხელისუფლებას აღარ დასჭირდება დროის ფუჭად ხარჯვა ნაცების საბოტაჟზე, ის მთლიანად უნდა გადაერთოს ტერიტორიების გამთლიანებასა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებაზე. მხოლოდ ასეთი პოლიტიკა შეაჩერებს ქვეყნიდან ხალხის გადინებას და პირიქით, გაუჩენს ჩვენს თანამემამულეებს ქვეყანაში დაბრუნების მოტივაციას.” – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა