GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე “ვეტინგზე”: არც ერთი უცხოელი, საქართველოს ხელისუფლების არც ერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებს – ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ამ ფარგლებში ვთანამშრომლობთ ყველასთან

ამ თემას ვხურავთ საერთოდ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავარია, რაც არ უნდა იყოს, როგორი არგუმენტებიც არ უნდა იყოს, საქართველოს დამოუკიდებლობაში და სუვერენიტეტში არ ჩავრევთ არავის, არც ერთ უცხოელ მოქალაქეს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. “ვეტინგის” სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების ვერც ერთ შტოსთან დაკავშირებით უცხოეთის მოქალაქეები გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, კატეგორიული და პრინციპულია.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, შესაბამისად, “ვეტინგზე” მსჯელობა დახურულია და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ.

“ჩვენი წინაპრები, გმირები, იმისთვის არ იღუპებოდნენ, იმისთვის არ ღვრიდნენ სისხლს და იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ მერე რომელიღაცა დღეს მოსულიყო ვინმე, ნებისმიერი ადამიანი და ეთქვა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ უცხოეთში. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, ამ თემაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. პრინციპულად და კატეგორიულად ვამბობთ, არც ერთი უცხოელი, საქართველოს ხელისუფლების არც ერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებს ვერასდროს – ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება. რაც არ უნდა ლამაზ ფერებში დაგვიხატონ რაღაცები, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ამ ქვეყანაში ქართველების, საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მოქალაქეების მიერ. ეს თემა დახურულია, ტყუილად წვალობენ. რაც არ უნდა არგუმენტები თქვან, უცხოელები ვერც მოსამართლეებს, ვერც პროკურორებს, ვერც სხვა მოქალაქეებს ვერაფერ ისეთს ვერ შეუმოწმებენ, რაც გადაწყვეტილებაზე იქნება ქმედითი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ამ ფარგლებში ვთანამშრომლობთ ყველასთან. რეკომენდაციები, პარტნიორობა – კი ბატონო, ნებისმიერი ფორმის, გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება საქართველოს შესახებ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა