„ქვეყანაში 3 მილიარდი დოლარის შემომტანმა ადამიანმა თურმე ის ვერ მოახერხა, ანაკლიის პროექტში 400 მილიონის ინვესტიცია მოეზიდა – 40-ჯერ მოუწია ხელისუფლებას ცვლილების შეტანა და 6-ჯერ ხელშეკრულების გადავადება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ამით, ის გამოეხმაურა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრ გრიგოლ გეგელიას, რომელმაც მასთან დისკუსიაში ანაკლიის პორტის პროექტი ახსენა.
როგორც ლილუაშვილმა გეგელიას უთხრა, ის საკუთარი თვალით უყურებდა, რამდენჯერ გადავადდა ხელშეკრულება მაშინ, როდესაც თავად გეგელიას „ანაკლიის პროექტი თვალით არ უნახავს“.
„გრიგოლს შეიძლება რაღაცას უყვებიან, თვალით არ უნახავს არც ანაკლიის პროექტი, არც იქ მიმდინარე პროცესები და მე იქ ვიყავი, ჩემი თვალით ვუყურებდი რა ხდებოდა, ხელშეკრულება რამდენჯერ გადავადდა. 40-ჯერ მოუწია ხელისუფლებას ცვლილების შეტანა და 6-ჯერ ხელშეკრულების გადავადება ანაკლიის კონსორციუმისთვის კონკრეტული ვალდებულებების შესრულების ნაწილში. ქვეყანაში 3 მილიარდი დოლარის შემომტანმა ადამიანმა თურმე ის ვერ მოახერხა, რომ ანაკლიის პროექტში 400 მილიონის ინვესტიცია მოეტანა.
ხაზარაძეს 4 წელიწადი ჰქონდა ანაკლიის არათუ ასაშენებლად, არამედ პროექტის ფინანსური ნაწილის შესაკვრელად და დღეს, გამოდიან მისი წარმომადგენლები და ამბობენ, რომ თურმე 3 მიალიარდი დოლარი შემოიტანა ბოლო 11 წელიწადში კაცმა საფინანსო სექტორით, ინვესტიციებით ქვეყანაში მაშინ, როდესაც 5 მილიარდი ლარის მოგება გაიტანა ქვეყნიდან „თიბისი ბანკმა“. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ბოლოს, როცა ისეთ მძიმე ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, ანაკლიის ნაწილში, რომ Meridian ჯგუფი შესთავაზა ხელისუფლებას“, – განაცხადა სატელევიზიო ეთერში ლილუაშვილმა.