საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა.
სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული 600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.
„გააქტიურებული კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა. ამავდროულად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა დროულად ჩაატარონ აგროსამუშაოები, სწორად შეარჩიონ პრეპარატი და დაიცვან მისი გამოყენების დოზა და ვადები“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შემოწმებული 600 ობიექტიდან 35 დარღვევა გამოვლინდა, 500-მდე გაიზარდა გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობა, საიდანაც 2 დარღვევა დაფიქსირდა.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებთან მიმართებაში, 2019 წლიდან გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის, სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.