GD Banner
საზოგადოება

გამოჩენილ ქართველ ექიმსა და მეცნიერს, თენგიზ ცერცვაძეს 76 წელი შეუსრულდა

გამოჩენილ ქართველ ექიმსა და მეცნიერს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს დღეს დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა.

თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვითი და სამეცნიერო პროექტების წარმატებით განხორციელება. იგი არის საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში.

აღნიშნული სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლითა და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი.

თენგიზ ცერცვაძე არის მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. ამ პროგრამით უკვე განიკურნა 85 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფი და სამჯერ შემცირდა (5.4%-იდან 1.8%-მდე) ქრონიკული აქტიური C ჰეპატიტის პრევალენტობა. პროგრამის დასრულების შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული (და არა მწვავე) ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.

COVID პანდემიის პირველივე დღეებიდან თენგიზ ცერცვაძე იდგა COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე. მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში დაინერგა COVID-ის კლინიკური მართვა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით – COVID პაციენტების პროაქტიური მკურნალობა უახლესი მედიკამენტებით და ინოვაციური მიდგომებით. მოსახლეობის ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, ქვეყანას აქვს COVID ავადმყოფების გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. კერძოდ: ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების პროცენტი (0.92%) – ე.წ. CFR (case fatality rate), მსოფლიოს 113 ქვეყანაზე უფრო დაბალი.

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით მართვად რესპირაციულ ინფექციად გადააქცია. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა არ აღემატება, ან მხოლოდ მცირედით აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით გამოწვეულ სიკვდილიანობას. COVID-19 აღარ ახდენს ნეგატიურ გავლენას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

თენგიზ ცერცვაძე მუდმივად ორიენტირებულია პროგრესზე. მისი ძალისხმევით და ხელმძღვანელობით ქვეყანაში დანერგილია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური მიდგომები.

უდიდესია თენგიზ ცერცვაძის წვლილი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში სამაგისტრო პროგრამები და გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-ზე მეტმა ახალგაზრდა სპეციალისტმა, რომელთა ნაწილი აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას უცხოეთის წამყვან ცენტრებში, ხოლო მეორე ნაწილი – საქართველოში. თენგიზ ცერცვაძე წლების მანძილზე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებთან და დარგის ლიდერებთან. აქვს მაღალი საერთაშორისო აღიარება.

ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე. არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია რეცენზირებად საერთაშორისო ჟურნალებში. არის არაერთი საერთაშორისო საზოგადოების/ასოციაციის წევრი, ავტორიტეტული საერთაშორისო გაიდლაინების თანაავტორი და რეცენზენტი.

არის არაერთი საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორი, მათ შორის 4 ერთობლივი სამეცნიერო სიმპოზიუმი აშშ ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტებთან (NIH) ერთად. 2000 წლის 3 ნოემბერს თენგიზ ცერცვაძე, როგორც აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ამერიკელ თანახელმძღვანელთან ერთად მოხსენებით წარდგა აშშ კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა. კვლევის შედეგებმა ამერიკელ კონგრესმენთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ხელი შეუწყო ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაფართოებას ბიოსამედიცინო სფეროში.

თენგიზ ცერცვაძეს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. 2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის (ჯანმოს ფორმულირებით) მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია და 85 ათასი აშშ დოლარი, რომლის მსგავსიც არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას.

თენგიზ ცერცვაძე არის ქ. თბილისის და ქ. ზუგდიდის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს მაღალი სახელმწიფო ჯილდოები. ის ხასიათდება გამორჩეული პიროვნული ღირსებებით.

„უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავთ ბ-ნ თენგიზს და მის შესანიშნავ მეუღლეს, ქალბატონ ანას ღირსშესანიშნავ თარიღს! ვუსურვებთ კიდევ მრავალი წლის აქტიურ და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას!“ – ნათქვამია მისალოც წერილში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,263 ნახვა