სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა. მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი. აღმოჩნდა, რომ ის გამაერთიანებელი კი არა, მისდა სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების ერთმანეთზე წამკიდებლის ფუნქციას უფრო უკეთესად ასრულებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან ჩამოთვალა ყველა ის მცდელობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა დროს ჰქონდა, რათა საზოგადოებაში ფუნქცია ჰქონოდა.
„ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის უმძიმეს დღეში, ვინაიდან ის ასრულებს თავის მანდატს. რა თქმა უნდა, ის ხვდება, რომ მისი ეს უფლებამოსილების ვადა იყო წარუმატებელი. მან ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ – მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი. აღმოჩნდა, რომ ის გამაერთიანებელი კი არა, მისდა სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების ერთმანეთზე წამკიდებლის ფუნქციას უფრო უკეთესად ასრულებს. მას სურდა ყოფილიყო გარკვეულწილად, ქართული კულტურის პატრონი თუ დედა. ეს არ გამოუვიდა, რადგან ამას სხვა რაღაც, თუ რაღაცები სჭირდება. მას სურდა გარკვეულწილად, ყოფილიყო პედაგოგი, მასწავლებელი თუ ჭკუის დამრიგებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ესეც არ გამოუვიდა. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვისურვეთ მისი რჩევების მოსმენა, არამედ მას არ აღმოაჩნდა უნარი სწორი რჩევების მოცემის.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დადასტურებულად, შავით თეთრზე წერია, რომ მან დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონი, რომლის არ დარღვევის გარანტიც არის თავად და თავადვე შეურაცხყო ეს ფუძემდებლური საკანონმდებლო ტექსტი – საქართველოს კონსტიტუცია და რეალურად ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს. რეალურად ასეთ რეპუტაცია შელახული ადამიანი, როგორც დღეს თავად უბრძანებია, დაასრულებს თავის მანდატს ბოლომდე. არ შეიძლება, რომ ეს ბოლო თვეები არ იყოს მისთვის მძიმე.
აღარაფერს ვიტყვი თითოეული ქართველისთვის იმ სრულიად ამორალურ განცხადებაზე, რომელ პოლიტიკურ ძალასაც ის არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მან იკადრა, გვაკადრა და საქართველოს აკადრა, როდესაც ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე ისე, იმგვარად და იმ სიტყვებით, რაც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მან ასევე ისაუბრა ზურაბიშვილთან ერთად რადიკალების საარჩევნოდ მოსალოდნელ განზრახვაზეც.
„ასე გრძლად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ვთქვა – მისგან აღარაფერია გასაკვირი. ის პირდაპირ არის და ალბათ, უფრო მეტად აღმოჩნდება რევოლუციურ მცდელობაში ჩართული. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გვესმის, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იქნება არჩევნების რეალური შედეგი, აუცილებელია, მათ მოაწყონ დესტაბილიზაცია. სხვა მომავალს საკუთარი თავისთვის ვერ ხედავენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა გავფრთხილდეთ. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენული უფლება, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ (გვაქვს ამისთვის ყველა არგუმენტი და ლეგიტიმური საფუძველი) კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად ვიმუშაოთ. ისინი იბრძვიან დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის. შემდეგ ხალხი შეაფასებს, სამშობლოსთვის რა სჯობს“, – განაცხადა წულუკიანმა.