2012 წელს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აუღია. მაშინ ბიძინა ივანიშვილზე ლეგენდები დადიოდა, ხალხს თვალით არ ჰყავდა ნანახი, იცოდნენ, რომ ქველმოქმედებებს აკეთებდა, ადამიანებს ეხმარებოდა, არემონტებდა სკოლებს, ბაღებს და ა.შ. მაგრამ მაშინაც კი არ აუღია საკონსტიტუციო უმრავლესობა,- ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერის რეიტინგი არის საკმაოდ შელახული. და თუ ხელისუფლება ყოჩაღად ლაპარაკობს, იმიტომ ლაპარაკობს, რომ აქვთ იმედი, რომ ოპოზიცია ვერ მოახერხებს იმ მოცემულობის დაძლევას, რის წინაშეც არიან,-.
„მაგალითად: ვერ დაძლევენ ბარიერს, ვერ მოახერხებენ გაერთიანებას. მათ იმედი აქვთ, რომ ზოგიერთი პარტია ვერ მოითმენს, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და აიღებს 1%-ს. ესენი ამ ერთ პროცენტს ისე ელოდებიან, როგორც ძეხვის მომლოდინე კატა, რადგან იმ ხმებს ჯიბეში ჩაიდებენ“,-განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, პროპორციული არჩევნები ძალიან ვერაგი არჩევნებია, რადგან არავინ იცის, რა მოხდება.
„თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ რაღაც გარანტირებული აქვს და აწყობილი აქვს პოლიტიკური ცხოვრება, ამას მე ასე არ ვხედავ. თუ რამე უნდა გადაწყვიტოს ამომრჩეველმა, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებები სურს, ხმა არ უნდა მისცეს პარტიებს, რომლებიც ვერ ლახავენ 5-%იან ბარიერს.
ერთსაც დავამატებ, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა უამრავი პროგრამა ხალხისთვის. ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალურ დახმარებების გაზრდა და ასე შემდეგ. დღეს რა პროგრამა აქვთ ხალხისთვის შეგულებული, რის საფუძველზე ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებენ? იმის გამო, რომ ოპოზიცია ვერ ართმევს თავს მის ფუნქციას და მის მოვალეობას? ჯერ ბევრი დროა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გადახედავს თავის ქმედებებს და ცოტა უფრო რაციონალური იქნება“,-განაცხადა მან.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ხელისუფლებები „გაჯეჯილებული“ არიან იქ, სადაც სუსტია ოპოზიცია.
„ძალიან მარტივია რეცეპტი- რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ -. უნდა გავიდნენ ხალხში, დაელაპარაკონ და აუხსნან, რატომ უნდა მოგცეს შენ მოსახლეობამ ხმა. ზვიად გამსახურდიამ არჩევნების წინ საქართველო მოიარა და რამდენიმე წრე დაარტყა. სააკაშვილი ძალიან პოპულარული ლიდერი იყო და ბევრ რამეს აკეთებდა როცა საკრებულოს თავმჯდომარე იყო- ლიფტები, სახურავები, გაყინული პენსიების თემის წამოწევა. ამის მიუხედავად, დღე და ღამე დადიოდა და ადამიანებს ხვდებოდა. ყველასთან კომუნიკაცია ჰქონდა.
თქვენ გგონიათ, „ლელოს“ მიერ შეთავაზებული 1000-ლარიანი პენსია არ მივიდა ხალხამდე? მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული განმარტება, ციფრების კარგად დალაგება, რომ ეს რეალურია, თორემ ასე ერთი 1000-ს იტყვის, მეორე გამოვა, 1500-იტყვის, მესამე 3 000-ს.
გეტყვით, რა მოხდება, არჩევნებამდე 2 თვით ადრე – გამოვლენ ხელისუფლების ექსპერტები და იტყვიან, რომ ეს არის ბლეფი და ამ მესიჯს შეუტრიალებენ, როგორც ადამიანების მოტყუების და გაბრუების მესიჯს. ამიტომ უნდა დაიდოს ციფრები, საიდან მოგაქვს ეს ფული. ამიტომ, უნდა ილაპარაკონ და ახსნან, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსიონერებიც არ დაგიჯერებენ, რადგან პენსიონერები ყველაზე რეალურად აფასებენ სიტუაციას“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.