ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ სიუჟეტს, რომლის მიზანიც უსაფუძვლო შეფასებებით, საზოგადოებისთვის დამახინჯებული და ცრუ ფაქტების მიწოდებით, ჩემი იმიჯის შელახვა და დისკრედიტაცია იყო.
დავიწყებ იმით, რომ სხვადასხვა ჩართული მხარის და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არაერთხელ ვყოფილვარ უსაფუძვლო ბრალდებების და დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნე. ყველა შემთხვევაში ჩემი მისამართით ამ ტიპის კამპანიების წარმოება დროში ემთხვეოდა იმ პერიოდებს, როდესაც დღის წესრიგში დგებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ამჯერადაც, სწორედ ანალოგიური პერიოდია შერჩეული. სახეზეა ჩემი იმიჯის შელახვის მცდელობა ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ფაქტების გავრცელებით.
მაშინ, როდესაც არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომელიც ჩემი პროფესიული საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენდა, ჩემი დისკრედიტაცია ხდება ისეთ ფაქტებზე საუბრით, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს არც არჩევნების ჩატარების ხარისხთან, არც ჩემს პროფესიონალიზმთან და საქმიანობასთან. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მიზანი იმ პროგრესის გადაფარვაა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში აქვს.
მე, როგორც პროფესიონალ საჯარო მოხელეს, მიზანშეწონილად მიმაჩნია საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელიც აბსოლუტურად დამახინჯებულად იქნა გავრცელებული „ტვ პირველის“ სიუჟეტში.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნიდან ვავსებ თანამდებობის პირის დეკლარაციას, მასში სრულად და დეტალურად არის ასახული ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ყველაფერი არის საჯარო და მისი სრულყოფილად განხილვის შემთხვევაში არ რჩება არანაირი კითხვის ნიშნები ჩემი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. თუმცა როგორც ჩანს სიუჟეტის ავტორების ინტერესში არ შედიოდა სრული სურათის დანახვა.
სიუჟეტი შეიცავს არაერთ ცრუ ინფორმაციას. მაგალითად, მასში საუბარია იმაზე რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას მამაჩემი სამსონ კალანდარიშვილი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ის 2003 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. სინამდვილეში კი მამაჩემი 2001 წლის 7 ოქტომბერს არის გარდაცვლილი. ის გახლდათ მეცნიერი, შესაბამისი აკადემიური ხარისხით და მას არანაირი შემხებლობა, მითუმეტეს გადაცემაში დასახელებულ პერიოდში, სახელმწიფო თანამდებობებთან არ ჰქონია.
სიცრუეა ისიც თითქოს, ჩემი სიდედრის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი უცხოეთის მოქალაქეზე იჯარით არის გაცემული. ხსენებულ მისამართზე 2004 წლიდან ჩემი სიდედრი თავად ცხოვრობს, ხოლო სიუჟეტში ნაჩვენები იყო იმავე მისამართზე, თუმცა სხვა სართულზე განთავსებული სხვა პირის საცხოვრებელი სახლი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩემი სიდედრის საკუთრებაში არსებული ბინა არასდროს ყოფილა გაქირავებული. სიცრუეა ჟურნალისტის კიდევ ერთი ფრაზა, თითქოს ჩემი ოჯახის მფლობელობაში არსებული 5 ბინიდან ერთი ჩემი სიმამრის სახელზე იყო გაფორმებული. სინამდვილეში მას არანაირი შემხებლობა არ აქვს ჩემი ოჯახის ქონებასთან და დასახელებულ საცხოვრებელ კორპუსში ამ დროისთვის არანაირ ქონებას არ ფლობს.
ინფორმაციით მანიპულაციაა საუბარი ჩემი ძმის საცხოვრებელ სახლზე. იმის მიუხედავად, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სიუჟეტის ავტორი მიუთითებს, რომ მისი ბინაც შესაძლოა ჩემს საკუთრებას წარმოადგენდეს. სინამდვილეში კი აღნიშნული ბინა ჩემს ძმას 2007 წელს აქვს შეძენილი და დღემდე წარმოადგენს მის პირად საკუთრებას.
რაც შეეხება დედაჩემის სახელზე არსებულ ბინებს თბილისში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მას მემკვიდრეობით დარჩა უძრავი ქონება. მათ შორის, ფართი ქუთაისში, სტამბის შენობაში. მას ასევე ჰქონდა საცხოვრებელი ფართი თბილისში. სწორედ აღნიშნული ქონების სხვადასხვა დროს რეალიზების შედეგად და შვილების თანამონაწილეობით შეძლო მან საცხოვრებელი ფართების შეძენა თბილისში.
სიუჟეტში საუბარია, რომ დედაჩემს აქვს 3 ბინა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ კორპუსში, თუმცა გადაცემის გასვლის მომენტში აქედან ერთი ბინა ჩემი ძმის – მიხეილ კალანდარიშვილის სახელზე იყო გაფორმებული. მივყვეთ ქრონოლოგიურად:
2021 წლის 27 დეკემბერს, იპოთეკური ხელშეკრულების საფუძველზე შევიძინეთ 61.30 კვადრატის ღირებულების საცხოვრებელი ფართი, რომელიც მესამე პირზე კერძოდ დედაზე იქნა გაფორმებული.
2022 წლის 16 დეკემბერს, პარალელური იპოთეკური სესხით, ძმის და დედის თანამონაწილეობით, შევიძინეთ 146.60 კვ ფართი სიუჟეტში ხსენებულ კორპუსში, რომელიც 2023 წლის 21 აპრილს გაიმიჯნა 2 ნაწილად. 2024 წლის 28 თებერვალს კი გამიჯნული ფართიდან 86.60 კვ ჩუქებით გადაფორმდა ჩემს ძმაზე, მიხეილ კალანდარიშვილზე. აღნიშნული ბინის მესაკუთრე თავიდანვე ის გახლდათ, თუმცა ქვეყანაში არყოფნის გამო, მანამდე ვერ მოხერხდა მის სახელზე საკუთრების გადაფორმება. აღსანიშნავია, რომ ჩემი ძმა მიხეილ კალანდარიშვილი, მრავალი წელია სამედიცინო საქმიანობას ეწევა. ბოლო რამდენიმე წელი კი გერმანიის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში ქირურგად მუშაობს. მან სწორედ საკუთარი საქმიანობის შედეგად მიღებული დანაზოგით შეიძინა ბინა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია რომ რეალურად დედის სახელზე აღნიშნულ კორპუსში ორი და არა სამი ბინაა გაფორმებული. საგულისხმოა, რომ ეს ინფორმაცია სიუჟეტის ავტორს პირადად მივაწოდე, თუმცა მისი მხრიდან აღნიშნულის გათვალისწინება არ მომხდარა.
მანიპულაციის ნათელი მაგალითია ჩემი ოჯახის დაკავშირება იმ სამშენებლო კომპანიასთან, სადაც ბინებია შეძენილი. სიუჟეტის ავტორი ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე ავითარებს მოსაზრებას ჩემსა და კომპანიას შორის შესაძლო კავშირის შესახებ. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა საცხოვრებელი ფართები შეისყიდეს არა გადაცემაში ხსენებული კომპანიისგან, არამედ კონკრეტული ბინების მფლობელი სხვადასხვა მესაკუთრისგან. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის.
რაც შეეხება გ. შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში არსებულ საცხოვრებელ ფართს, მე და ჩემმა მეუღლემ ის იპოთეკური სესხითა და დანაზოგით 2017 წელს შევიძინეთ. ბინა ჩვენი შვილის სახელზე გავაფორმეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სიუჟეტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩემს შვილებზე ბინების გაფორმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ ჩვენი შიდა ოჯახური გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს, ამ თემით მანიპულირება კი მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვების გამძაფრებას ემსახურება. ამას გარდა არასრულწლოვანი შვილების სიუჟეტში მოხსენიება, მათ შორის მათი ქონებრივი თუ სხვა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არ შეესაბამება ერთი მხრივ ჟურნალისტური ეთიკის და მეორეს მხრივ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
სიუჟეტში ასევე საუბარი იყო 2015 წელს დედისთვის ჩუქებით, სოფელ დიღომში არსებული ბინის გადაცემასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული საკუთრება დედისა და ჩემი ერთობლივი დანაზოგით, მათ შორის 2013 წელს აღებული სესხით იქნა შეძენილი. ბინის დედისთვის გადაცემა კი ოჯახის შიდა საჭიროებებიდან გამომდინარეობდა. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ დედაჩემი არ წარმოადგენს დეკლარაციის შევსებას დაქვემდებარებულ პირს, თუმცა მის სახელზე არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია სრულად ასახულია საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
რაც შეეხება სიუჟეტის ავტორის ინფორმაციას 2 საცხოვრებელ ფართში შესაძლო უცხოეთის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის უცნობია მათი ეროვნება და კონკრეტული გარიგების მიღმა არ არსებობს მათთან სხვა რაიმე შემხებლობა. ამასთან, უცნაურია ჟურნალისტის მხრიდან საცხოვრებლის გაქირავებისას დამქირავებელთა მოქალაქეობის საკითხის განხილვა, რადგან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია პოტენციურ დამქირავებლებს უარი ეთქვათ საჯაროდ ხელმისაწვდომ საქონელსა და მომსახურებაზე, მათ შორის საცხოვრებელთან დაკავშირებით გარიგების დადებაზე, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური ნიშნის გამო.
სიუჟეტის ავტორი სრულიად უსაფუძვლოდ მდებს ბრალს დეკლარაციის არასრულყოფილად შევსებაში. თითქოს მასში ჩემი მეუღლის შემოსავლები არ არის მითითებული, თუმცა ფაქტია, რომ დეკლარაციაში ეს ინფორმაცია აღნიშნულია. ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ დეკლარაციაში შესაბამის ველში არ არის მითითებული იჯარით მიღებული შემოსავალი, სინამდვილეში კი ბოლო დეკლარაციის შევსების მომენტში ფართი გაქირავებული არ იყო და შესაბამისად ვერც მისი იჯარის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა მითითებული. მოქმედი კანონმდებლობით მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე ხორციელდება გასული წლის განმავლობაში იჯარის შედეგად მიღებული შემოსავლის დეკლარირება, ხოლო მიმდინარე წლის განმავლობაში გაქირავების შესახებ ინფორმაციის მითითება და სათანადოდ გადახდა, ხორციელდება მომდევნო წლის 1 აპრილამდე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოქმედება განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების გათვალისწინებით.
დასასრულს შეჯამების სახით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არსებობს რაიმე უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომელიც ჩვენი ოჯახის კუთვნილებას წარმოადგენს და არ არის გაფორმებული ან დეკლარირებული. ამასთან სიუჟეტში ადგილი აქვს ინფორმაციით მანიპულირებას, თითქოს ჩემი ოჯახის მიერ უძრავი ქონების შეძენა ერთ კონკრეტულ პერიოდში მოხდა, სინამდვილეში კი დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ შესყიდვები სხვადასხვა წლებში განხორციელდა.
ყველა ინფორმაცია ჩემი და ჩემი ოჯახის კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ საჯაროა და ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ჩემი ოჯახის შემოსავლები და გასავლები ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაშია, მათ შორის საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით. მეც და ჩემი მეუღლეც წლებია სხვადასხვა დაწესებულებში ვსაქმიანობთ და სწორედ ჩვენი კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლებით ვქმნით ჩვენი ოჯახის კაპიტალს.
ჩემთვის როგორც პასუხისმგებლობიანი საჯარო მოხელისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი და სწორი ინფორმაცია ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ ზემოთაღნიშნული ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება და სწორედ ამიტომ ვაპირებ სიუჟეტში ხსენებულ ცრუ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“, – ნათქვამია განცხადებაში.