GD Banner
განათლება

ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება, ინერგება ონლაინ სწავლება – რომელ პროგრამებს ეხებათ ცვლილებები?

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. გარდა ამისა, დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე შემცირებაც.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი.

„ჩვენ შევჯერდით, რომ არსებულ ოთხწლიანთან ერთად, იქნება სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც, უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება, მას შეეძლება, ორივე პროგრამა განახორციელოს, ან ერთ-ერთი, როგორც მოისურვებს, ვხსნით შესაძლებლობას, ფანჯარას, კარებს… პირველ ეტაპზე ეს შეეხება მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამის სტუდენტებს, თუმცა, ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – აცხადებს ამილახვარი.

მინისტრის თქმით, ძალიან მოქნილ, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას გარკვეული შეზღუდვები ექნება. მაგალითად, სტუდენტს, რომელიც ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას დაამთავრებს, არ შეეძლება სადოქტორო საფეხურის გაგრძელება.

„ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე, მიმდინარეობს სფეროს ექსპერტებთან მუშაობა, სხვა მიმართულებით გავხსნათ. ასევე წინსწრებით გეტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება მნიშვნელოვანი სიახლე – შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა.

რეალურად არის ძალიან მოქნილი როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ეს ასევე არის ძალიან მოქნილი ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამების და ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, ვინაიდან, სრულად არის თანხვედრაში გნებავთ ევროპულ, გნებავთ ამერიკულ პრაქტიკასთან.

ამ შემთხვევაში, შემოგვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც იქითა კვირიდან კანონპროექტის სახით მთავრობის ვებგვერდზე აიტვირთება. ეს არის დისტანციური განათლება, ონლაინ განათლება. დღეს მოგეხსენებათ, გარკვეული კომპონენტები საქართველოში შეზღუდულია, და პირიქით, ამ ბაზარსაც ვხსნით და რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რომ საქართველო ყალიბდება და ჩამოყალიბდება ნამდვილ უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება

ბუნებრივია, ჩვენ უნდა ავუბათ ამას მხარი და მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა ამ ბაზარს და არ ვიყოთ მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებული, დივერსიფიცირება გავაკეთოთ, ვთქვათ, არ იყოს მხოლოდ სამედიცინო განათლება, არამედ, იყოს ბიზნესი, ინჟინერია დ ა.შ. აი, ამ სიახლეებში ვართ“, – აცხადებს მინისტრი.

ბაკალავრიატი რომ 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი ხდება, ღნიშნულს ითვალისწინებს განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ბაკალავრიატის შემთხვევაში ცვლილება ეხება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის შემთხვევაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროს.

უფრო კონკრეტულად:

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუხლი 2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მისი კომპონენტები და კრედიტების განაწილება

1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, შესაძლებელია შემუშავებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოუკიდებლად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), რომელიც არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:

ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;

ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი) და თავისუფალი კომპონენტები;

გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის მიხედვით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად.

მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა

1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,060 ნახვა