ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე და ეკლესიაზე – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც „პატრიარქის სისუსტეა“.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან და სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახე წარმოაჩინა.
„როგორ შეიძლება, ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს ვინ, პრეზიდენტი. აქ საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე და ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არის ჩამოხსნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმალონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა:„ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.