პარტია „ლელო“ ამნისტიის მომხრეა, თუმცა, არ არის მომხრე იმ კანონპროექტის, რომელიც პარტია „გირჩმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დააინიცირა – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა.
სამუშიას თქმით, არ შეიძლება, ამნისტიის აქტი დააზიანოს იმ კანონპროექტმა, რომელიც შემოიტანეს.
„პირველ რიგში, ამნისტია ძალიან ჰუმანური აქტია. ზოგადად, ეს კაცობრიობის მონაპოვარია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამნისტია დღესაც აუცილებელია, ციხეში ძალიან ბევრი პატიმარი ზის, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ. მაგრამ ამნისტიის სახელით არ შეიძლება იმის გაკეთება, რაც კეთდება, ზოგადად. არ შეიძლება, ამნისტიის აქტი დააზიანოს იმ კანონპროექტმა, რომელიც შემოიტანეს“, – აღნიშნა ლევან სამუშიამ.
მისი აზრით, აუცილებელია, გადაიხედოს, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით უნდა მიიღონ ამნისტია.
„ლელო“, ბუნებრივია, ამნისტიის მომხრეა, მაგრამ არაა მომხრე იმის, რომ ნარკოტიკებისა და სიკვდილის ლაბორატორიის მომწყობებს, რომლებიც შემდგომ სიკვდილს დისტრიბუციას უკეთებენ და ავრცელებენ, ამნისტია შეეხოთ.
„ლელო“ მომხრეა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა იყოს ლიბერალური.
ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, ბუნებრივია, უნდა იყოს ამნისტია. უნდა იყოს სხვა ძალიან ბევრ მუხლთან დაკავშირებით. მაგრამ ნარკოტიკების შემოტანასთან დაკავშირებით, შემდგომ ნარკოლაბორატორიების მოწყობასთან დაკავშირებით, მათ დამამზადებლებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალგაზრდებს კლავენ, როგორ შეიძლება, ამნისტიაზე ვისაუბროთ?!
ამნისტია აუცილებელია, მაგრამ უნდა ვნახოთ, რის ამნისტიას ვაკეთებთ, აქ ყველაფერია თავიდან ბოლომდე ჩაყრილი, რაც არ შეიძლება“, – განაცხადა სამუშიამ „გირჩის“ ინიცირებულ კანონპროექტზე.
ცნობისთვის, „გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ. ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებსა და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ამნისტია მარიხუანას რეალიზატორებს“ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპტიმისტები“ . პროექტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ „ევროპელი სოციალისტებიც“.
თავად კანონპროექტის ინიციატორი ჰერმან საბო აცხადებს რომ პარტია „გირჩი“ ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტით მარტო მარიხუანას რეალიზატორებზე კი არა, სასჯელის შემცირებას ყველა მუხლზე ითხოვს, გარდა პედოფილიისა.
თავად კანონპროექტის ავტორი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტში არაფრის ჩაკორექტირებას არ აპირებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი ისეთ მუხლებს ეხება, რომლის გამოც საზოგადოების რეაქცია, შესაძლოა, არაერთგვაროვანიც იყოს. ამიტომ ამ კანონპროექტმა, შესაძლოა, მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს.