GD Banner
პოლიტიკა

კალაძე ოპოზიციაზე: ვინ არიან გვარამია, მელია და სხვები? -“ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ადამიანები არიან

რადიკალური პოლიტიკური პარტიები შეეცდებიან, საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის იბრძოლონ, თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი ლაივში“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წარდგებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რადგან ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ადამიანები არიან.

„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორ გამოვლენ არჩევნებზე, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური პარტიები, თუ პოლიტიკოსები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ადამიანები არიან. დღეს შეიძლება, სხვა სახელი დაირქვან, ხვალ კიდევ გადაირქვან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, რომ რაღაც პლატფორმაზე შეიძლება, ვიღაცები გაერთიანდნენ, ვიღაცები – არა. 

მაგალითად, ნიკა გვარამიამ დაირქვა „ახლები“, თუ „ახალი“. ვინ იყო ნიკა გვარამია? ადამიანი, რომელიც გენპროკურორი იყო და, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, მოიფიქროს ადამიანმა, ყველაფრის მკადრებელია და ამას აკეთებდა წლების განმავლობაში. გვახსოვს ეს წლები – პოლიტიკოსებზე გაკეთებული სიუჟეტები, განცხადებები, დაჭერების მცდელობები, შეთითხნილი საქმეები და ა.შ.  

ვინ იყო ხაზარაძე, რას წარმოადგენდა? შეიძლება, პოლიტიკაში არ იყო, მაგრამ ვიცით, თუ როგორ მოქმედებდა და რამდენი ოჯახი ჰყავს გაუბედურებული. 

საერთოდ გაუგებარია ნიკა მელიას განცხადებები. გიორგი გახარიამ საოცრება გააკეთა, ნიკა მელიას გულისთვის გადადგა. 

ეს არის ერთი დაჯგუფება, რომელიც წარსულში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს კი შეიძლება, რაღაც სახელები დაირქვეს და აქვთ მცდელობა, საზოგადოება მოატყუონ, თითქოს ვიღაც ახალი პოლიტიკური სახეა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიების დაჯგუფება – „რადიკალები“ – ერთი ხელით იმართებიან.

„მათ ჰყავთ ერთი პატრონი, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს ამ ქვეყანასთან მიმართებაში, არა ქვეყნისთვის და ხალხისთვის საკეთილდღეო. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არეულობა შემოიტანონ“ – აღნიშნა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა