„გუშინ ვუსმენდი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის კომენტარს, რომ რა მოხდა, შეცდომა იყო და ვაღიარებთ შეცდომასო. ჯერ ერთი, ტყუილია. ისიც რომ დავუშვათ, არ იყო გაყალბებული, მათ თავისივე ნათქვამით რამდენიმე დღეში დაადგინეს და ერთი თვე იტყუებოდნენ, რომ შედეგები იყო სწორი. მეორე, ამბობენ რომ გადადგა ხელმძღვანელი და ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობა მოვიხსენითო. ჯერ ერთი, ნახეთ ის ხელმძღვანელი დღეს სად არის, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელია და ძალიან კარგ ადგილას არის, კარგი ხელფასით და ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა ეს კიდევ სხვა გამოკვლევის საგანია“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი ISFED-ის 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ აცხადებს, რომ როგორც შემდეგ გაირკვა მათ დონორიც ეხმარებოდა და დონორთან ერთად აჯერებდნენ ტყუილს ხალხს.
„გაირკვა, დონორიც ეხმარებოდა მათ და ამ ტყუილს დონორთან ერთად აჯერებდნენ ხალხს და ხელს უწყობდნენ რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ დაერბიათ ცესკო, პარლამენტი და მიტინგები ჩაეტარებინათ. მხოლოდ მას შემდეგ მოუწიათ აღიარება, როცა პარლამენტი შეიკრიბა და მიხვდნენ, შანსი აღარ იყო პარლამენტის დელეგიტიმაციისა. მაგრამ მოქმედი ხელმძღვანელიც, ქალბატონი ნინო დოლიძე დაახლოებით 8 თვე მალავდა იმ უბნების სიას, სადაც მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი?! ორი ტყუილი თქვა მაშინ ISFED-მა.
პირველი ტყუილი იყო პროცენტული შედეგები და მეორე ტყუილი იყო, რომ თითქოს უბნების რვა პროცენტში იყო მეტობა, ანუ ბიულეტენები ჩაყარეს თითქოს უბნების რვა პროცენტში. სხვათა შორის, ეს ტყუილი დღემდე ასახულია ევროსაბჭოს მაშინდელ რეზოლუციის დანართებში. ნოემბრიდან მოყოლებული ვეუბნებოდით, წარმოედგინათ ჩვენთვის იმ უბნების სია, რომლებსაც დააკვირდნენ, რათა შეგვედარებინა მართლა იყო თუ არა მეტობა და უარს გვეუბნებოდნენ. მე, კოლეგასთან ერთად რამდენჯერმე შევხვდი ქალბატონ ნინო დოლიძეს და ვეუბნებოდი რომ წარმოედგინა. ის გვატყუებდა. ჯერ ამბობდა, რომ ეს მეთოდოლოგიით არ არის დაშვებული, როდესაც მეთოდოლოგიას გავეცანით NDI-ს ვებ-გვერდზე და ვუთხარით რომ არ არსებობს, მერე თქვა რომ უსაფრთხოების მიზნებით არ შეიძლებაო, ესეც რომ გავუბათილეთ მერე უბრალოდ აღარ გვაძლევდა. ბოლოს, 2021 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მოსთხოვა მათ და მიხვდნენ, რომ სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენდნენ, მოუწიათ ამ სიის წარმოდგენა. ამის გადამოწმების დროსაც დადგინდა, რომ ესეც იყო ტყუილი და არანაირი რვა პროცენტში მეტობა არ არსებობდა. ამიტომ ქალბატონი ნინო დოლიძე მისი ხელმძღვანელობის ქვეშაც 8 თვე ატყუებდა საქართველოს პარლამენტს. ასე რომ რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს“, მათი საქმე გარკვეულია ქართველი ხალხისთვის.“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.