„ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული სამწლიანი ბიზნეს გეგმა არ ითვალისწინებდა ფრენებს ამერიკაში“, – ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, „ეარ ჯორჯიას” დამფუძნებლის, გიორგი კოდუას ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიას აქვს აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სურვილი, მაგრამ ამაში ხელს მთავრობა უშლის.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, გიორგი კოდუას მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ყალბი, მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება. მისი თქმით, „ეარ ჯორჯიას“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაუქმდა 2022 წლის დეკემბერში, რადგან შპს „აირ ჯორჯიას“ ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი – Airbus 330-343 ტიპის საჰაერო ხომალდი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით.
„კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში საჰაერო ხომალდის არყოლა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთ პირდაპირ საფუძველს“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.