გამარჯვების ერთადერთი პროექტი ოპოზიციისთვის „ძალა ერთობაა“ და სწორედ ამ თვალსაზრისით ჰქონდა გიგი უგულავას გამოსვლა, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი უგულავას განცხადებას, რომ „წლევანდელი არჩევნები სექსი არ იქნება“
ჩარკვიანმა Newshub.ge-თან საუბრისას უგულავას განცხადებას „საინტერესო“ უწოდა და აღნიშნა, რომ მან სწორედ გაერთიანებაზე გააკეთა მახვილი.
„ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა გიგი უგულავას იმ თვალსაზრისით, რომ მან ახსენა „ძალა ერთობა“. მახვილი გააკეთა „ძალა ერთობაზე“. შემთხვევითი არ არის, რომ როცა ჩვენი ცნობილი კონა შეკრულია, მაშინ არის ძლიერი. იცით ჩემი პოზიცია, გამარჯვების ერთადერთი პროექტი ოპოზიციისთვის არის „ძალა ერთობა“.
არა რუსული ვექტორით. ჩვენ რომ „ძალა ერთობა“ გავაკეთეთ მაშინ, ბურჯანაძე და ეგეთი ტიპები მაგიდასთან არ გვესხდნენ. ზუსტად მაშინ დაიდო გამარჯვება. შემდეგ გაფართოვდა, ძალიან კარგი იდეა იყო შალვა ნათელაშვილთან, მაგრამ როგორც კი მაგიდასთან გამოჩნდნენ, ე.წ. “პუტინკები” ხალხმა ეს ოპოზიციას არ აპატია. არასდროს არავის არ ვგულისხმობ, არავისი მეშინია, ყოველთვის გვარებითა და სახელებით ვსაუბრობ.
როგორც კი პროცესს გაეკარა ნინო ბურჯანაძე, იქვე დაიწყო სიტუაციის აჭრა. დიახ, უგულავას ვეთანხმები დასავლეთის ვექტორის პარტიები, უპარტიოები, ყველა უნდა გაერთიანდეს. ანგარიში ხომ ვიცით? დაბალ პროცენტიანმა პარტიებმა, მგონი, არითმეტიკა დაივიწყეს. ამათ ამბიციებმა ანგარიში დაავიწყა.
მთავარია, დასავლური ვექტორის პარტიები გაერთიანდნენ, რომ ამით რაღაცნაირად ხალხი ბრძოლის გზაზე დადგეს. მომეწონა გიგი უგულავას გამოსვლა, ვიმეორებ ერთობას ვემხრობი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ინფორმაციისთვის, გიგი უგულავამ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები“.
კითხვაზე, რას ნიშნავს „სექსი“ არჩევნები, უგულავა იხსენებს 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდს და აღნიშნავს, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაერთიანება შეძლო.
„მაგალითად, იგივე 2003 წელს რევოლუციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, ის იყო უპრეცედენტო. კოალიციაზე რომ ვლაპარაკობთ, რატომ იყო მაშინ ეს წარმატებული? მიშა სააკაშვილმა თავისი ახალგაზრდა, ენერგიული გუნდით გააერთიანა საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილი: ზვიადისტები, მათთან დაპირისპირებული რესპუბლიკელები და არა – შევარდნაძისტული პარტოკრატია კომუნისტები, პატიაშვილის სახით. ეს იყო სამი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი. რამე ელიტას კი არ წარმოადგენდნენ, რეალურად საზოგადოებას წარმოადგენდნენ, ამას დაემატა „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრა მართლა კოალიცია, რომელმაც მაშინ 27% აიღო, დაუწერეს ჩვიდმეტი და მაგას მოყვა მერე რევოლუცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.