ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.
„საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე კვირაში ევრონესტის სესიებია დაგეგმილი. არის საკითხები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფარგლებში უნდა განვიხილოთ.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ეს არის პირველი ვიზიტი და პირველი შეხვედრები ევროპარლამენტარებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ გავაცნოთ ის ნაბიჯები, რაც დაგეგმილია სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც შეეხება 9 პრიორიტეტის შესრულებას და ასევე მათგანაც მოვისმინოთ როგორია მათი განწყობები საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად გამართავს.