GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში

მე მგონია, ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს, თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზედმეტ დამოკიდებულებას უცხოურ ფულზე. დღეს ფაქტობრივად ოპოზიცია გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას, მაშინ, როდესაც ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება დამოუკიდებლობის სულისკვეთებას და ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს.

მან ასევე ამ ინიციატივაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ისაუბრა.

„გვესმის მოწოდებები დონორების მხრიდან, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ ხოლმე მსჯელობაში და როცა ვრთავთ მათ მსჯელობაში, ორგანიზაციები უკვე გვთავაზობენ, რომ მათი დონორები ჩავრთოთ გადაწყვეტილებების მიღებაში. მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ – თუ საერთოდ უნდათ წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა უნდა მართონ ეს ქვეყანა, გვითხრან, თუ ეს არის მათი ძირითადი განზრახვა. ეს უკვე ნელ-ნელა ცდება ყველანაირ ზღვარს სუვერენიტეტის პატივისცემისა, როდესაც დონორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეობის“ პირით გვეუბნებიან, რომ მათმა დონორებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები.

ყველას მივუთითებ, მათ შორის ვენის კონვენციაზე და ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის შიდა პოლიტიკას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში. ეს არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობის სულისკვეთებას. ამიტომ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები „ენჯეოებისა“ და ოპოზიციის სახით გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ კი არ უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი, ჩვენ კი არ უნდა დავაკომპლექტოთ სასამართლო, არამედ უცხო ქვეყნებმა უნდა დაგვიკომპლექტონ სასამართლო. აი, ამ დონემდე მივიდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. მე მგონი ძალიან ახლოს არიან უკვე იმ წითელ ხაზებთან, რომელთა იქითაცაა საქართველოს ინტერესების სრული უგულებელყოფა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,225 ნახვა