თავისთავად, მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას აღარ უნდა ერქვას ქართლის დედა, დედა ენას – დედა ენა და დედამიწას – დედამიწა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ენობრივ წესებზე საუბრისას განუცხადა.
აღნიშნულით იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ადამიანის გენდერულ იდენტობაზეა საუბარი.
მისივე თქმით, თავისთავად, ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, ენობრივი წესები როგორი ექნება.
„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ბევრი დრო არ გვჭირდება-ხოლმე, ასეთი მიდგომების პროპაგანდა იწყება შემდეგ საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ დაფინანსების გამოყენებით. ამიტომ, თავისთავად, მოსალოდნელია, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას აღარ უნდა ერქვას ქართლის დედა, დედაენას – დედაენა და დედამიწას – დედამიწა.
თავის დროზე, როდესაც ჩვენ თითო-ოროლა ასეთი ხმები გვესმოდა საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, ეს ირონიას იწვევდა-ხოლმე, თუმცა, ვხედავთ, რომ დღეს იმდენად სერიოზულია ეს საკითხი, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია ხაზგასმა, ქალი ქალია და კაცი – კაცი. ეს ირონია და ხუმრობა გვეგონა თავის დროზე, სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენციები არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ამასთან დაკავშირებით და არ დავუშვათ ის, რომ ჩვენს ენობრივ წესებში მოხდეს ჩარევა თავსმოხვეული, ვითომდა, ღირებულებების დროშით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.