“მე, დღეს სპეციალურად, პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ესაა ნივთმტკიცებულება, რომელიც მე არ უნდა მქონდეს – თავისთავად ის, რომ ეს პიჯაკები მაქვს მე, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
“როცა საქმესთან მიმართებით ვსაუბრობთ, მინდა ერთი რამ გითხრათ ბატონო მოსამართლე – თქვენც დამთავრებული გაქვთ, ალბათ, დიდი პრაქტიკა გაქვთ იურიდიული, მეც დამთავრებული მაქვს კელნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს მოპოვებული. ასე რომ, საკმარისი იურიდიული განათლება მაქვს მეც მიღებული და ერთი რამ კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან. ის უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში და მე დღეს სპეციალურად პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ის ნივთმტკიცებულება, ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს. თავისთავად ის, რომ ეს პიჯაკები მაქვს მე, ნუთუ ეს არ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე. ესაა საქმე, რომელიც ეხება ვითომ 9 მილიონი ლარის გაფლანგვას, თავიდან თქვეს, რომ ვითომ 19 მილიარდი მოვიპარე. მერე ეტყობა გზაში დამრჩა, სადღაც თვითმფრინავში ეტყობა, არ შემატანინეს და ბოლოს ისე დავრჩით, რომ თბილისში არცერთი ბინა მე არ მაქვს პირადად, ყვარელში ძლივს მოვასწარით რაღაცის აშენება და ისიც დაყადაღებულია. ყველამ იცის, ჩემი მთავრობა იყო ყველაზე არაკორუმპირებული არამხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
თქვენ გინდათ მომისაჯოთ გაფლანგვაზე და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია. თქვენს წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაცინვა, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, აღფრთოვანდა ჩვენი გამოცდილებით,“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, საინტერესოა, რატომაა დღეს მთავრობის ხარჯები გასაიდუმლოებული და მისი ხარჯები რატომ აღარ არის საიდუმლო.
“ან რა აზრი აქვს ამის გასაიდუმლოებას? – ვინმეს სერიოზულად აინტერესებს გიორგი ვოლსკი თუ კობახიძე სად მიდის, საპირფარეშოში რამდენჯერ შევა და ვის ჩამოართმევენ ხელს,“- განაცხადა სააკაშვილმა