საბჭოს გარდა, რა თქმა უნდა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ისევე როგორც უმაღლეს წარმომადგენელთან, ბატონ ბორელთან. ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრა გაფართოების ევროკომისართან, ბატონ ვარჰეისთან, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, ერთი მხრივ იყო საუბარი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება, მეორე მხრივ, ბუნებრივია, საუბარი იყო იმ ახალ შესაძლებლობებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს გაეხსნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით.
„ასევე მხარეებმა ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს შემდგომ ეტაპთან, რომელიც არის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ყველა შეხვედრაზე საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით რა მხარდაჭერა შეიძლება აღმოგვიჩინოს ევროკავშირმა და რა შესაძლო ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ. ასე რომ, შესაჯამებლად, ნამდვილად ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან პროდუქტიული, მომავალზე ორიენტირებული და შინაარსით დატვირთული შეხვედრები გაიმართა“, – განაცხადა ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
დღეს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. დღესვე ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.