როდესაც ქალბატონი სალომე ასეთ დესტრუქციულ გადაწყვეტილებას იღებს, ამით ის აკეთებს ერთ რამეს, ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში და ხელს უწყობს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც სრულიად უმოტივაციოდ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ ამ კანონმდებლობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საარჩევნო კოდექსზე ვეტოს გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხელ უწყობს ოპოზიციის ნარატივს.
„პრეზიდენტი ხელს უწყობს მხოლოდ მათ [ოპოზიციის] ნარატივს. ეს იყო ისეთი ქმედება პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც საბოლოო ჯამში რადიკალიზმის გამწვავებას ხელი შეუწყო და რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამით ისარგებლებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობს. საუბარია ვეტოს გამოყენებაზე, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება.