ის, რაც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, მიანიშნებს, რომ რასაც ოპოზიცია წარმოადგენს, ის ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ამას ყველაფერს ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც უხდიან ალბათ ძალიან დიდ ფულს და ის ხალხი ეუბნება მათ, რომ ის რაც თქვენ ხართ, ქართველი ხალხისთვის არის მიუღებელი – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თოქ-შოუში „იმედი LIVE” განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ხდება ამ ყველაფრის შენიღბვა, შეფუთვა, მაგრამ ფასადი როგორც არ უნდა შეცვალო, შიგთავსი თუ ფუყეა, შედეგი მაინც ვერ იქნება. კითხვას – რა არგუმენტებით დასტურდება, რომ ეს ძალები ქართველი ხალხისთვის მიუღებელია, ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა, რომ არგუმენტი ძალიან მარტივია – წლიდან წლამდე მათი მხარდაჭერა იკლებს.
„რვა არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ანდო სახელმწიფოს მართვა. უფრო მეტიც, თუნდაც იმ გამოკვლევებით,, რომელშიც ძალიან ბევრი და დიდია მანიპულირება, ყველა კარგად ხედავს, რომ არა მარტო“ ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან კმაყოფილები იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ოპოზიციურ ფლანგშიც, ოპოზიციურ ამომრჩეველშიც მოწონებას იმსახურებს ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ზუსტად ამაზე უნდა დაფიქრდნენ და უფრო მეტად ისაუბრონ შინაარსზე, შეაფასონ და მართლაც, რაც კარგია, იმაზე უნდა თქვან, რომ კარგია. სახელწოდებები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ, არის აბსოლუტურად პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“, არც გირჩი“, არც „ახლა“ თუ რაღაც სახელწოდებები, რაც აქვს – ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“, ვინმეს აქვს ილუზია რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ლიაკა ხოშტარია არ არის ნაციონალური მოძრაობა? და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ.
რეალურად ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ლელო“ პრაქტიკულად კალკირებას აკეთებს და გადმოაქვს აბსულუტურად ყველა ის შეხედულება და ქვეყნის მართვის ის სისტემა და მოდელი, რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უკვე ჩანს, რა დღის წესრიგი აქვს ზურაბიშვილს. „მახსენდება ბოლოს გამოსვლა, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ჰქონდა და ჩვენმა ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამოიწვია და ჰკითხა, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს და მოკლე პასუხი, რომლისთვისაც ის მივიდა მიკროფონთან, იქაც კი ორაზროვანი, ალეგორიული პასუხი გასცა. უკვე ჩანს, რა დღის წესრიგი აქვს. ეს არის სამწუხარო რეალობა. არაერთი საჯარო განცხადება ყოფილა, ეს უკავშირდებოდა პარლამენტში გამოსვლას, 26 მაისის აღნიშვნას და ბევრ სხვა შემთხვევას, როდესაც ჩვენ დავიინახეთ, რომ სახელმწიფოს, ჩვენი საერთო ინტერესის საწინააღმდეგო განცხადებები იქნა გაკეთებული. რაც არ უნდა რთულად ჟღერდეს, ამას აკეთებდა საქართველოს პრეზიდენტი და იმის საუბარი, თითქოს ამას ქვეყნის შიგნით ვსაუბრობ და ამას არავინ დაინახავს, ეს არის აბსურდი. მე მგონია, რომ ქალბატონ სალომეს უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია, რომ ის იყოს სრულად დესტრუქციული ნებისმიერი პროცესის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა წარიმართოს 2024 წლის განმავლობაში. მას ელექტორალური სიძლიერე არ აქვს, ეს ფაქტი ფაქტად რჩება, იმიტომ, რომ დღეს ის პრეზიდენტია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მისცეს მას ამის საშუალება. მას თავისი ინდივიდუალური რესურსი არ გააჩნია, თუმცა, იმ თუნდაც ფორმალური პოზიციიდან, რომელიც მას უჭირავს, აქვს საშუალება, მოახდინოს პროცესების დისკრედიტაცია და იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი.
ამას უკვე ვხედავთ, ის პირდაპირ მიუთითებს და მისთვის სამიზნეა, ისევე როგორც ოპოზიციისთვის, ამ ოპოზიციასთან და „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო პროცესი და საარჩევნო ადმინისტრაცია, მაშინ, როდესაც საერთოდ არანაირი შეკითხვა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და როდესაც ჩვენ უკვე დავნერგეთ ისეთი საარჩევნო რეფორმა და პროცედურები, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი მანიპულირების საშუალებას სპობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.