„იმედში“ გლოვის დღეა. ჩვენი კოლეგა მიშო ბიძინაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. მიშო უბედური შემთხვევის დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის საჰაერო ბურთში იმყოფებოდა, რომლითაც მფრინავებს ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ.
მიშო ბიძინაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „იმედის“ არქივს შემორჩა მისი არაერთი უნიკალური კადრი.
ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები შეძრული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ვუსამძიმრებთ მიშოს ოჯახსა და ახლობლებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის.
უბედური შემთხვევა სოფელ ასურეთის მიმდებარედ მოხდა. დაღუპულთა შორის არის ხომალდის მეთაური და პირველი მფრინავი, საქართველოს სამგზის რეკორდსმენი, 19-წლიანი სტაჟის მქონე რევაზ უთურგაური. ის ასევე „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო.
ასევე დაღუპულია ფრენის 13-წლიანი გამოცდილების მქონე პოლონელი ჰაერნაოსანი კშიშტოფ ზააპარტი. საჰაერო ბურთით ფრენაში ზააპარტი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. მას 3 500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა ნაფრენი.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მფრინავების დაღუპვის გამო და უსამძიმრებს ოჯახებს.