GD Banner
ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე – ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი, რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი, რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, პირველ რიგში საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება.

„როგორც მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები და სათანადო ვადებში და მაღალი ხარისხით დასრულდება ეს სამუშაოები. ეს საკითხი იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი საქართველოს მთავრობის მხრიდან და აქტიურად ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს. არის სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც, რომლებზე მუშაობა გაგრძელდება. ეს არის ბათუმის შემოვლითი გზა, იქ აქტიურად მიდის სამუშაოები, კახეთის მაგისტრალი, ქვეშეთი-კობის პროექტი, ხულო-ზარზმის გზა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი.

ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები, რომლებზე მუშაობაც უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში და სამუშაოები წარიმართება წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივებია ასევე რკინიგზის მიმართულებით – 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, ასევე გაგრძელდება მუშაობა კვლევაზე ჩქაროსნული სარკინიგზო მომსახურების გასავითარებლად.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აეროპორტების განვითარება ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„უკვე დაწყებულია მუშაობა ვაზიანის აეროპორტის პროექტზე იმისათვის, რომ გაფართოვდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თბილისს შეეძლება მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი, რაც განსაკუთრებით ჩვენი ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ პროექტზე მუშაობა ძალიან აქტიურად გაგრძელდება. ქუთაისთან დაკავშირებით აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება წელს დასრულდება და წელსვე დაიწყება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას უკავშირდება. ასევე, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა და მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, არის ძალიან სერიოზული გეგმები, რომელიც უკავშირდება ავიაციის, აეროპორტების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა