რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, საერთო პლატფორმის კონსულტაციებთან დაკავშირებით ჩვენ, გამარჯვების კოალიცია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
„ვფიქრობთ, ამოცანა იმდენად დიდია, დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც არის ოპოზიციურ ფლანგზე, უნდა დავივიწყოთ და უნდა წავიდეთ იმ გზით, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გვთავაზობს. ამიტომ, ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ამასთან, დიდი ერთობისთვის ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ერთიანობაზე ჩვენ პოლიტპატიმრები ციხეში არ უნდა გვყავდნენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.