“დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?”, – ასე უპასუხა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკას: “ტაში ამხანაგებო, ტაში“. ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
თაკო ჩარკვიანი აღნიშნული რეპლიკით პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.
“მე მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ იმთავითვე გამოეხმაურეთ მოსახლეობის თხოვნას და რამდენიმე დღეში ეს მუზეუმი მწყობრში ჩადგება. მოსახლეობის სახელით მინდა გადაგიხადოთ. მინდა წარმატებები გისურვოთ იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ხალზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
აღსანიშნავია, რომ “კანონი და სამართლის” დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
მანამდე ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, მიხეილ სარჯველაძეს შეაწყვეტინა, რის შემდეგაც ჩარკვიანს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.
“უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! “, – მიმართა თავმჯდომარემ ჩარკვიანს.
პასუხად თამარ ჩარკვიანმა აღნიშნა – “ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!”