ჩვენი მიზანია, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვყავდეს ახლად დამტკიცებული მთავრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ხვალ პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის ახალი თავმჯდომარის არჩევა. ასევე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოზე მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა და დამტკიცება, პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში, სადაც ფრაქცია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი კვირის განმავლობაში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვყავდეს ახლად დამტკიცებული მთავრობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.