საერთაშორისო ორგანიზაციებში, კავშირებსა და ალიანსებში გაერთიანებისას ქვეყნის პრიორიტეტად სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობა დაასახელა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
როგორც მან აღნიშნა, ჩვენი თვითმიზანიც და მიზანიც არის საქართველო და საქართველოს ინტერესები – ქვეყნის უსაფრთხოება და მისი სუვერენიტეტის დაცვა.
„ერთხელ თქვა ჩვენმა თანაგუნდელმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომ ევროკავშირი არ არის თვითმიზანი, რომ ჩვენი მიზანიც და თვითმიზანიც არის ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო. ამას მოჰყვა ყაველაშვილზე წარმოუდგენელი თავდასხმები და შეურაცხყოფა. არადა, როგორ შეიძლება რომელიმე ალიანსი ან კავშირი იყოს თვითმიზანი? ჩვენი თვითმიზანიც და მიზანიც არის საქართველო და საქართველოს ინტერესები – ქვეყნის უსაფრთხოება და მისი სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ეკონომიკის გაძლიერება, დემოკრატიის განმტკიცება და ადამიანის უფლებების დაცვა. ნებისმიერი ალიანსი და კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნებისკენ მიმავალი გზა და ინსტრუმენტია და მეტი არაფერი.
ევროკავშირიც ამ მიზნების მისაღწევი ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია და ამიტომაც გვინდა ჩვენ ამ კავშირში გაერთიანება და არა იმიტომ, რომ ევროპელობა ლამაზად ჟღერს. ბევრი რამეა ევროკავშირში ისეთი, რაც არ მოსწონთ თავად ევროკავშირის წევრებს – ვნახეთ, რომ ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ასევე ვხედავთ, როგორ იბრძვიან ევროკავშირის შიგნით თავისი სუვერენიტეტისა და ღირებულებების დასაცავად ევროპის ქვეყნები და ევროპელი პოლიტიკოსები, მაგ. უნგრეთი, პოლონეთი, იტალია, სლოვაკეთი და არაერთი სხვა. ისინი კამათობენ ერთმანეთში, რაღაცაზე თანხმდებიან, რაღაცაზე ვერა და ეს არის ნორმალური, სწორედ ეს არის ევროპელობა. ჩვენ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, მაგრამ უნდა ვიაროთ ჩვენი პრინციპებით, ჩვენი ტრადიციებითა და ჩვენი ღირებულებებით.
ცხადია, ნებისმიერ კავშირში ყოფნა ნიშნავს სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის დათმობას, თუმცა ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის საქართველოს ინტერესების, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენ, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ვაღიარებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უზენაესობას მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ, პარალელურად, მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ინტერესები ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურებში. ეს ინტერესები მუდმივად იქნება დასაცავი ევროკავშირშიც და ნებისმიერ სხვა ალიანსშიც და სწორი ბალანსისთვის ბრძოლაც მუდმივი პროცესია და არა ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული მუდმივა,“ – განაცხადა სუბარმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ინფორმირების შემდეგ, რაც „ხალხის ძალის“ დამსახურებაა, შეიცვალა განწყობები და ყველამ გაიაზრა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა ჩვენი ინტერესებითა და პრინციპებით.
„კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა – როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტზე ვლაპარაკობთ და ქვეყნის გადარჩენაზე იმ უდიდესის საფრთხისგან, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა, ჩვენმა, “ხალხის ძალის” სიტყვამ იქონია უდიდესი ძალა. აღმოჩნდა, რომ ხალხისთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობდით. ერთ დღეში შეიცვალა ხალხის განწყობები. მანამდე ისეთი ატმოსფერო იყო, როცა ვინმე კუბილიუსი რაღაცას დაგიცაცხანებდა ბრიუსელიდან, აქ ცალ ფეხზე დგებოდა არა მხოლოდ მთელი პოლიტიკური სპექტრი, არამედ ლამის მთელი ქვეყანა. ჩვენი განცხადებებისა და საზოგადოების ინფორმირების შემდეგ უცებ შეიცვალა ეს გარემო, ყველა გაიმართა წელში. ყველამ გაიაზრა, ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა ჩვენი ინტერესებითა და პრინციპებით. ევროკავშირშიც ჩვენი ინტერესებით შევალთ და ნებისმიერ ქვეყანასთან სწორედ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით ვილაპარაკებთ. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომლითაც უნდა ცხოვრობდეს საქართველოს ყოველი მოქალაქე, ვინც არ არის უცხო ქვეყნის აგენტი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.