GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე – ახალგაზრდობის ნაწილს იმით უტენიან თავს, რომ სწორედ მანქანების დამსხვრევების, სიწმინდეების დამზიანებლების, პოლიციელებისთვის ცეცხლის წამკიდებლების და საკუთარი ქვეყნის გამლანძღველების დაცვაა პატრიოტიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების გამოხატულება

“ჩვენი ლიბერალ-ფაშისტების მედია-საშუალებები დაჟინებით და დაუღალავად არწმუნებენ საზოგადოებას, რომ სწორი, ვაჟკაცური და მისაბაძი საქციელია, თუ კანონის აღსრულებას ფიზიკურად გაუწევ წინააღმდეგობას. “პატრიოტების“ ინტელექტუალობის უფრო მაღალ საფეხურად კი ის ითვლება, თუ შენს ქვეყანას უფრო მეტად გალანძღავ და ჩათვლი, რომ ამას ქვეყნის კი არა, მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ აკეთებ”- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, რითაც კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ახალგაზრდობის ნაწილს იმით უტენიან თავს, რომ სწორედ მანქანების ხელკეტებით დამსხვრევების, სიწმინდეების დამზიანებლების, პოლიციელებისთვის ცეცხლის წამკიდებლების და საკუთარი ქვეყნის გამლანძღველების დაცვაა პატრიოტიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების გამოხატულება.

“გაუფასურებული ღირებულებების ეპოქა! ჩემს თაობას, რომელიც მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში ეროვნული იდეალებისთვის, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს გაუფასურებული ღირებულებების ეპოქაში უწევს ცხოვრება. კვაზი თანამედროვე პოლიტიკოსებისგანაც ვისმენთ ერთი შეხედვით პატრიოტულ, ამაღლებულ ფრაზებს და ლოზუნგებს, რომლებშიც საპირისპირო შინაარსია ჩადებული. ბევრისთვის დღეს ეროვნულობაც, დემოკრატიაც და თავისუფლებაც უცხოეთში ხელოვნურად დამკვიდრებული სიმახინჯის გადმოღებას, ყველაფერი ტრადიციულის გაბიაბრუებას, უზრდელობის, ათეიზმის, სულიერი და ხორციელი სიშიშვლის, ლანძღვა გინების, აგრესიის და ლგბტ საზოგადოების კულტად ქცევას ნიშნავს. განსაკუთრებით საშიში და საშინელი ის არის, რომ ამ ყველაფრის გაკულტების მქადაგებლებისთვის ყველაზე მოწყვლადი ჩვენი ახალგაზრდობაა, რომელსაც ჩასჩიჩინებენ, რომ თითქმის ანარქიზმამდე მისული აგრესიული ქმედებები მხოლოდ „თავისუფალი აზროვნების“ და „გამოხატვის თავისუფლების“ უტყუარი ნიშანია და ეს კარგ ტონად ითვლება, შესაბამისად, ასე მოქცევის შემთხვევაში „კარგ ტიპად“ ჩაითვლები.

ჩვენი ლიბერალ-ფაშისტების მედია-საშუალებები დაჟინებით და დაუღალავად არწმუნებენ საზოგადოებას, რომ სწორი, ვაჟკაცური და მისაბაძი საქციელია, თუ კანონის აღსრულებას ფიზიკურად გაუწევ წინააღმდეგობას, ხელჩართულ ბრძოლაშიც შეხვალ კანონის აღმსრულებლებთან და მათ მატერიალურ ქონებასაც „ვაჟკაცურად“ დააზიანებ ან, მით უკეთესი, თუ გაანადგურებ. „პატრიოტების“ ინტელექტუალობის უფრო მაღალ საფეხურად კი ის ითვლება, თუ შენს ქვეყანას უფრო მეტ ჩირქს მოსცხებ, უფრო მეტად გალანძღავ და ჩათვლი, რომ ამას ქვეყნის კი არა, მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ აკეთებ. ამაში კი სოლიდური გრანტებიც გარანტირებულია . სხვას რას უნდა მიაწერო ჩვენი ენჯეოშნიკების თავგამოდებული მცდელობები, რომ გააბათილო საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მაღალი შეფასებები, რომლებიც საქართველოს ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაზე წინ აყენებენ კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, პენიტენციური თუ სასამართლო სისტემების მდგომარეობის თუ სხვა საკითხებში. სწორედ ასე მოიქცნენ ჩვენი „ექსპერტები“, როდესაც უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებაზე მიდგა საქმე და სიხარულით ამოისუნთქეს, როდესაც გამოცხადდა, რომ თურმე ამ ორ ქვეყანას დემოკრატიის განვითარების სფეროში ჩამოვრჩებით.

არადა, იმ ორ ქვეყანაზეა საუბარი, სადაც ოპოზიციური პარტიები ფაქტობრივად აკრძალულია, მთელი მედია მონოპოლიზებულია, ხოლო ანტისახელისუფლებო პოზიციის ქადაგება ქვეყნის ღალატად ითვლება. ასეთია იმ ქართველი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ ენჯეოშნიკების გამპიარებლების რეალური მორალური სახე, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ ცეცხლს უკიდებენ, ან ხელკეტებით ამსხვრევენ ავტომანქანის მინებს, ან სხვების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფენ. ყველაზე სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) ის არის, რომ ხელკეტებით მანქანების დამლეწავი 2 “ყოჩაღი” ახალგაზრდა უნივერსიტეტის პროფესორები ყოფილან. კიდევ უფრო დიდი კურიოზი იყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოზიცია, რომელმც განაცხადა: „ჩემი მხარდაჭერა ახალგაზრდა ლექტორებს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას! ისინი დღეს საპატიმროში არიან იმ უსამართლობის გამო, რაც ქვეყანაში ხდება!“ ანუ, გახარია ამბობს, ამ ორ ახალგაზრდა „პროფესორს“ კანონმა პასუხი არ უნდა მოსთხოვოს, რადგან როდესაც ისინი ვიღაცის კუთვნილ ავტომობილს ხელკეტებით ლეწავდნენ, უსამართლობას აპროტესტებდნენო.

ვაი ჩვენს ქვეყანას, რომ ასეთი გაგების პრემიერი ჰყავდა და ვუი იმ ხალხს, ვინც ასეთი გაგების კაცს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიციის დაკმაყოფილებაში დაეხმარება. ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილს იმით უტენიან თავს, რომ სწორედ მანქანების ხელკეტებით დამსხვრევების, სიწმინდეების დამზიანებლების, პოლიციელებისთვის ცეცხლის წამკიდებლების და საკუთარი ქვეყნის გამლანძღველების დაცვაა პატრიოტიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების გამოხატულებაა. ჩვენი ახალგაზრდების თავგზააბნეული ნაწილი (მადლობა ღმერთს, რომ მცირე ნაწილი) ისეთ გაუგებრობაში ვარდება, რომ მანქანების ხელკეტებით დამლეწავი ახალგაზრდა „პროფესორების“ გათავისუფლებას უნივერსიტეტის რექტორისგან ითხოვს და მის სახლთან აწყობს საპროტესტო აქციებს. ამ ყველაფრის შემდეგ სრულიად ლოგიკურია კითხვა: გვეშველება რამე?!”- წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა