GD Banner
საზოგადოება

ბექა ოდიშარია: ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის ახლა არის ბოლო შანსი, ზღვარი, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს თუ არა

ველოდებით ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფსა თუ ინდივიდს, რომელსაც მართლა გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, ოპოზიციისთვის ახლა არის ბოლო შანსი, ზღვარი, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

„პარლამენტში 29 იანვრის ღონისძიების დღის წესრიგი გასაგებია და ის მოიცავს რეკომენდაციებს. რა წინადადებით დავხვდებით, ნება მიბოძეთ, არ ვისაუბრო, ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. ეს პლატფორმა იძლევა საშუალებას, ყველამ გამოთქვას აზრი. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ 29-ში არ იწყებს მუშაობას, მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია და ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიციები. ველოდებით ოპოზიციას, არასამთავრობოებს, ველოდებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს თუ ინდივიდს, რომელსაც მართლა გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე.

ჩვენ გვესმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვარაუდი, რომ ფიქრობენ, შემოუერთდნენ პროცესს. ამას მხოლოდ მივესალმებით. ეს თუ იქნება კონსტრუქციული შემოერთება პროცესში და არა დესტრუქციული, მე მართლაც ვიწამებ, რომ სასწაულები ხდება ამ ქვეყანაზე.

არ მინდა, წინასწარ დავაზიანო პროცესი და ვთქვა, არ მჯერა, რომ შემოუერთდებიან. გვსურს, შემოუერთდნენ, რადგან პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნის მომავლის საქმეს. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის ახლა არის ბოლო შანსი, ზღვარი, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს თუ არა, როგორც ეს დადასტურდა პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ 12 რეკომენდაციაზე ვიმუშავეთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარია ასევე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას, რომ მათ მიწვევა არ მიუღიათ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადასარევად იცის, რომ ასეთი ღონისძიება ტარდება. 21-ე საუკუნეა და მედიასაშუალებებით ეს ინფორმაცია ტრიალებს. ვინმეს თუ სურვილი აქვს, კარი ცხვირწინ არავის დაეხურება“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,223 ნახვა