ამერიკელი ხალხისადმი მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა დღეს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში და ვრცლად მიმოიხილა არალეგალური მიგრაციის (ტეხასის შტატისა და მექსიკის საზღვარზე) პროცესები და მათი ფედერალური კონტროლის მექანიზმები. მისი თქმით, ეს არის კარგი მაგალითი საქართველოსთვის, თუ როგორ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და საკუთარი მოსახლეობის ინტერესები.
„და მაინც… საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მიუხედავად, სხვებისთვის რომ იცლიან, რამხელა მზრუნველობაა ამაში და რამხელა ალტრუიზმი. უმადურობა იქნებოდა, ამერიკელი ხალხისადმი მხარდამჭერი პოსტი რომ არ დამეწერა დილიდან… როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არალეგალური მიგრაციის (ტეხასის შტატისა და მექსიკის საზღვარზე) პროცესები ფედერალური კონტროლიდან, შეიძლება თამამად ითქვას, რომ გამოვიდნენ.
ტეხასის გუბერნატორი (რესპუბლიკელი გრეგ ებბოტი) რა თქმა უნდა, ცდილობს მიმართოს შემაკავებელ ზომებს, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდება ფედერალური ხელისუფლების მხრიდან. გუბერნატორმა მაგალითად, საზღვრის მთელ პერიმეტრზე გაჭიმა მავთულხლართები, „თავაზიანად სთხოვა” ფედერალებს – გაეცალონ საზღვრის დაცვის ფუნქციას და ჩაანაცვლა ისინი ტეხასის შტატის ნაციონალური გვარდიის ძალებით, რომლებიც აკავებენ არალეგალებს და ავტობუსებით აგზავნიან მათ ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს მიმართულებით.
სამი დღის წინ, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება გრეგ ებბოტის მავთულხლართების დემონტაჟის თაობაზე, რასაც რესპუბლიკელი გუბერნატორის მხრიდან მოჰყვა საპასუხო ზომები: მან ადგილობრივ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, გამოაცხადა შტატში „შეჭრის საგანგებო რეჟიმი”, რომელიც მას შტატის კანონების სასარგებლოდ ფედერალური კანონების გადაწყვეტილებების გაუქმების შესაძლებლობას აძლევს.
გუბერნატორმა ებბოტმა უკვე გასცა განკარგულება მავთულხლართების დამატებითი რაოდენობის გაჭიმვისა და საზღვარზე შტატის ნაციონალური გვარდიის დამატებითი ძალების გაგზავნის თაობაზე. ამის საპასუხოდ, გუშინწინ კიდევ ერთი შტატის, ოკლაჰომას რესპუბლიკელმა გუბერნატორმა კევინ სტიტტმა გრეგ ებბოტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც მოჰყვა „ვირუსული” მხარდამჭერი რეაქციები – ფლორიდას, ვირჯინიას და სამხრეთ დაკოტას შტატების გუბერნატორების მხრიდან.
რამხელა დიდი განძია საქართველოსთვის, როდესაც შენი სტრატეგიული პარტნიორი გიზიარებს ამ ფასდაუდებელ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი სუვერენიტეტი და შენი მოსახლეობის ინტერესები, თუნდაც „პარტიის ცენტრალური კომიტეტის” ნების საწინააღმდეგოდ და თუნდაც ერთი ან რამდენიმე შტატის მაგალითზე. ეს არის ზუსტად ის გზა, რომელსაც დღეს მიჰყვება საქართველო (Georgia, მაგრამ არა შტატი)!“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
ინფორმაციას „ხალხის ძალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.