განზრახ არ შევდივარ საქართველოში არსებული მევახშეობის “ინსტიტუტის” პრობლემებში. მით უმეტეს, ეჭვქვეშ არ ვაპირებ ქვეყანაში აღსრულების პოლიციის არსებობის მიზანშეწონილობის განხილვას, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლებისას განვითარებულ მოვლენებს.
ქართველიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიმტანი პირები, ისევე როგორც ამგვარი ქმედებების ჩადენისთვის სახელმწიფო ორგანოების ლმობიერება.
“განზრახ არ შევდივარ საქართველოში არსებული მევახშეობის “ინსტიტუტის” პრობლემებში. მით უმეტეს, ეჭვქვეშ არ ვაპირებ ქვეყანაში აღსრულების პოლიციის არსებობის მიზანშეწონილობის განხილვას. გულისამრევია უკვე ჩემთვის მცნება “გულანთებული ახალგაზრდობა”. საშინელ მიუღებლობას იწვევს “სტუდენტი”, რომელიც ქვეყანაში ყველაფრით არის დაკავებული – სწავლის გარდა! მიუღებელია ჩემთვის “შვიშტოკის” ერთ დასტვენაზე სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიმტანი ძველგაზრდა თუ ახალგაზრდა. მიუღებელია გაუგებარი ცხოვრებისეული კრედოსა და მიზნების მქონე სხვის საფლავებზე ფიზიოლოგიური საჭიროების დამკმაყოფილებელი ბიოლოგიური არსებები. მიუღებელია – მოლოტოვის მსროლელი, რომელიც ორ ალტერნატივას შორის: 1) წაიკითხოს 4-გვერდიანი კანონპროექტი და ჩასწვდეს მის არსს და 2) მოსპოს მოყვასის სიცოცხლე მისი სხეულის გადაწვით – მეორე ვარიანტს ირჩევს. მიუღებელია ჩემთვის სატანისტების მიერ ჩვენი ხატებისა თუ ეკლესიების შებილწვა. ხოლო ჩემი, “გულანთებული თაობის” სახელით, ასევე მიუღებელი იქნება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ნებისმიერი, მსგავსი ტიპის უსამშობლო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ხელყოფისას გამოჩენილი ლმობიერება!” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.