GD Banner
სამართალი

სუს-ი – 30 დეკემბერს და 17 იანვარს „გალერია თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცრუ შეტყობინებები შემოსულ იქნა საზღვარგარეთიდან, იდენტიფიცირებულია კონკრეტულ პირთა წრე

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერია თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ შემოსულ იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, – აცხადებენ სუს-ში.

რაც შეეხება 21 იანვარს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შესულ შეტყობინებებს, სუს-ში აცხადებენ, რომ მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

„ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს“, – აღნიშნავენ სუს-ში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა